სამეგრელოს სამალავი

ადვოკატი: თოდუა დანაშაულის ადგილზე არ ყოფილა და ამის ალიბი აქვს

შსს

ზუგდიდში, საიდუმლო სამალავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, კობა თოდუას ადვოკატმა ირაკლი ნარმანიამ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ თოდუა დანაშაულის ადგილზე არ ყოფილა და ამის დამადასტურებელი ალიბი აქვს. ადვოკატის თქმით, თოდუა, დანაშაულის ჩადენის დროს, თბილისში - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს ესწრებოდა. დანაშაული კი ზუგდიდში მოხდა.

ნარმანიას თქმით, საქმის მასალებში დაზარალებულები თოდუას დანაშაულში მონაწილეობაზე არ საუბრობენ. ადვოკატის ინფორმაციით, კობა თოდუას წინააღმდეგ არსებობს 3 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც ასევე ამბობენ, რომ თავისუფლებააღკვეთილების წამების ადგილზე იმყოფებოდნენ.

"კობა თოდუას ბრალი ედება ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამებაში. საქმე მოიცავს 2 ეპიზოდს. ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც გამოძიების მიერ კონკრეტდება დანაშაულის ჩადენის თარიღი, კობა თოდუას ზუსტად ახსოვს, რომ იგი იმყოფებოდა თბილისში. დანაშაულებრივი ეპიზოდი ემთხვევა სამხედრო აღლუმს - ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. კობა თოდუა, როგორც სამხედრო მოსამსახურე, მონაწილეობას იღებდა 2011 წლის სამხედრო აღლუმში. ამის შემდგომ ის დარჩა თვის ბოლომდე და ესწრებოდა ძმის დაბადების დღეს. სწორედ ამ მონაკვეთს ემთხვევა ბრალდების პირველი ეპიზოდი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ზუსტად ახსოვს, რომ ამ პერიოდში იმყოფებოდა თბილისში და არა ზუგდიდის ტერიტორიაზე, სადაც მოხდა დანაშაულებრივი ქმედება", - განმარტა ნარმანიამ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, კობა თოდუას ბრალად ედება დაზარალებულების იარაღის კონდახით ცემა.

"გამოძიების მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალაში არ ჩანს დაზარალებულის იარაღის კონდახით ცემის ფაქტი. ასევე ვიდეოფირზე არ არის აღბეჭდილი კობა თოდუა, არ ისმის მისი ხმა. ამასთან, დაზარალებულები არ უთითებენ კობა თოდუას შესახებ, ერთადერთი - რაც გამოძიებას კობა თოდუას წინააღმდეგ გააჩნია, არის სამი ყოფილი პოლიციის თანამშრომელის ჩვენება, რომლებიც, მათივე განცხადებით, აღნიშნულ ქმედებაში მონაწილეობდნენ და ისინი თანამშრომლობის სანაცვლოდ უთითებენ კობა თოდუას შესახებ. ამ სამი პირიდან ერთ-ერთი გამოძიებას დღემდე ჰყავს მოწმის სტატუსით და მის მიმართ ბრალი არ არის წარდგენილი და, შესაბამისად, არც დაკავებულია. მოვუწოდებ მთავარ პროკურორს, ამ პოლიციელის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ ესწრებოდა უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ადამიანის წამებას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა", - განაცხადა ირაკლი ნარმანიამ.

მისი თქმით, კობა თოდუა კატეგორიულად უარყოფს ადამიანის წამებაში მონაწილეობას.

კომენტარები