პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

მარგველაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს გაუმართლებლად მიიჩნევს

ტაბულა

კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გაუმართლებელს უწოდებს. მარგველაშვილის თქმით, 20 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოში უნდა მოხდეს ხელისუფლების დემოკრატიული და დადგენილი საზღვრების ფარგლებში ცვლილება.

"ოქტომბრამდე უნდა მოვითმინოთ და ოქტომბერში უნდა დამთავრდეს ის, რაც უნდა დამთავრდეს ოქტომბერში. მეც არანაირად არ მსიამოვნებს ასეთ რთულ რეჟიმში ყოფნა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩემს ყველა ინიციატივას პრეზიდენტი პიროვნულად უპირისპირდება, ყველა ჩემს ინიციატივას ვეტოს ადებს. ჩასული არ ვარ სადღაც, რომ მეორე დღეს იქაა და ცდილობს ყველაფერს კუდი გამოაბას, მაგრამ იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო იყოს სტაბილური, არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშნები, თუ რატომ წავიდა ეს ადამიანი, მისი შეცვლა უნდა მოხდეს ოქტომბერში", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია ქართული ოცნების წევრის, გია ჟორჟოლიანის განცხადებით, ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას აპირებს. დეპუტატის თქმით, მას იმედი აქვს, რომ პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილი ამ ინიციატივას მიემხრობა. 

"ვფიქრობ, საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ პარლამენტში დაიწყოს პროცედურა პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების თაობაზე. მე, როგორც პარლამენტის წევრი, ოთხშაბათსვე დავიწყებ ამ პროცედურის შესაბამის მოქმედებას. იმედი მაქვს, პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილი სრულად დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას. ეს არის საჭირო არა იმისთვის, რომ სააკაშვილი აღარ იყოს პრეზიდენტი, ეს ისედაც ასე იქნება ოქტომბერში, არამედ იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სრულად გააცნობიეროს დამნაშავე რეჟიმის დამღუპველი მოქმედება ქვეყნისათვის და გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირი, ვინც იყო ამ რეჟიმის არქიტექტორი", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში. 

 

კომენტარები