ევროპარლამენტი

ივანიშვილს ახლა უკვე ევროპელი ლიბერალები და სოციალისტებიც აკრიტიკებენ

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

საქართველოს ახალი ხელისუფლება შერჩევით სამართალში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესწრებოდა, არა მხოლოდ სახალხო პარტიის წევრებმა, არამედ ალდეს, სოციალ-დემოკრატიული ალიანსის და ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა წარმომადგენლებმაც დაადანაშაულეს. ამის შესახებ შეხვედრის ოქმიდან ხდება ცნობილი.

აქამდე ხელისუფლება სახალხო პარტიას ნაციონალური მოძრაობის ერთგულებაში ადანაშაულებდა და სწორედ ამით ხსნიდა საქართველოსკენ მიმართულ კრიტიკას, ახლა კი მას ის ჯგუფებიც აკრიტიკებენ, რომელთა წევრებიც კოალიციაში შემავალი პარტიებია. კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები ალდეს (ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპული პარტიისთვის) წევრები არიან, პარტია ქართული ოცნება კი სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფში გაწევრიანებას ცდილობს. 

"გამოსვლის შემდეგ დებატში, ბატონი რუცეკის (სოციალ-დემოკრატი, ჩეხეთი) გარდა, წევრები ძალიან კრიტიკულები იყვნენ საქართველოს მიერ არჩეული ახალი კურსის მიმართ. ბატონმა ლისეკმა (სახალხო პარტია, პოლონეთი), რეპორტიორმა საქართველოზე, პარალელები გაავლო უკრაინასთან. ბატონმა სარიუჟ-ვოლსკიმ (სახალხო პარტია, პოლონეთი) აღნიშნა, რომ სიტუაცია ბევრად უარესად იყო: მისი თქმით, ეს არ იყო ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, არამედ შერჩევითი სამართალი, შურისძიება და ოპოზიციის რეპრესია. მან დაამატა, რომ თუ საქართველოში მდგომარეობა არ შეიცვლება, ის მხარს არ დაუჭერს ქვეყანასთან ასოცირების ხელშეკრულების დადებას. სერიოზული შეშფოთება ყოფილი პოლიტიკური ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით გამოთქვეს ქალბატონმა ნეიტსმა (ალდე, ბელგია), ქალბატონმა გომესმა (სოციალ-დემოკრატები, პორტუგალია) და ბატონმა ვაჟგლმა (ალდე, სლოვენია). ბატონმა სალაფრანკამ (სახალხო პარტია, ესპანეთი) აღნიშნა, რომ შერჩევითი სამართალის გზის არჩევით, საქართველო უკან დახევის აღქმას ქმნიდა და დამაჯერებლობას კარგავდა. ბატონმა ტანოკმა (ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფი, გაერთიანებული სამეფო) გაკვირვებით აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თავს მთავრობის წარმომადგენელს უწოდებდა, რაც დემოკრატიის ელემენტარულ პრინციპებს, ხელისუფლების შტოების გამიჯვნას ეწინააღმდეგება", - ნათქვამია შეხვედრის ოქმში. 

შეგახსენებთ, 18 ივნისს უსუფაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომას ესწრებოდა, სადაც საქართველოს მთავრობა შერჩევითი სამართალში დაადანაშაულეს. შეხვედრიდან გამოსულმა უსუფაშვილმა ახალი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ევროპარლამენტარებს "ევროპელი კანდელაკები" უწოდა. მისი თქმით, ახალ ხელისუფლებას სახალხო პარტიის წევრები აკრიტიკებდნენ. 

"სახალხო პარტიიდან რამდენიმე პიროვნება აგრძელებს თავის ქმედებებს ისე, როგორც დღემდე მუშაობდნენ. ქართველი ხალხისთვის რომ გასაგები იყოს რაზეა საუბარი, მე მათ ასე დავახასიათებდი - ევროპელი კანდელაკები. ისინი ისეთივე ერთგული მხარდამჭერები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის, როგორც საქართველოშია ბატონი გიორგი კანდელაკი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები