ევროკავშირის მისია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ერგნეთში შეხვედრა გამართა

radiotavisupleba.ge

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 35-ე შეხვედრა გამართა. მონაწილეებმა 31 მაისის შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენების შესახებ ისაუბრეს. 

მისიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მხარეებმა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ღობეების გადმოწევის მომატებულ დონესა და ამით ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანზე ისაუბრეს. მისიის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მოუწოდეს პრაგმატული გამოსავალი მოძებნონ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის წყალზე ხელმისაწვდომობა. 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დაკავებულ, გაუჩინარებულ და ძებნილ პირთა შესახებ. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, გამართულ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ ერთი თვის წინ დაკავებული როსტომ სოსიაშვილის გათავისუფლებაზე თანხმობა განაცხადა. მალხაზ ედიშერაშვილის და ზაზა ხიდაშელის გათავისუფლებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. დღევანდელ შეხვედრაზევე ცნობილი გახდა კიდევ ერთი დაკავებულის ავთანდილ კვირიკაშვილის შესახებ. მისი გათავისუფლება ჯერ-ჯერობით არ იგეგმება. ოსური მხარის თქმთ, მან დაკავებისას მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც რამდენიმე თვე პატიმრობაში დარჩენა მოუწევს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 31 ივლისს გაიმართება. 

 

კომენტარები