ვლადიმერ ბედუკაძე

ბედუკაძე თინა ხიდაშელს პასუხობს

timer.ge

პატიმართა წამების კადრების ავტორი, ვლადიმერ ბედუკაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, თინა ხიდაშელს ეხმაურება და მის მიერ რუსთავის 2-ის ეთერში გამოთქმულ მოსაზრებას განცხადებით პასუხობს.

"საინტერესოა, რატომ არ საუბრობდით, ქალბატონო თინიკო, ჩემს "დანაშაულებრივ მოღვაწეობაზე" არჩევნების წინ სტუდენტობის ქუჩაში გამოსვლისას, იქნებ გეწყინათ ჩემი ამდაგვარი ნაბიჯი? ანდა ძალიან კარგად უწყით, რა გზით, ხერხებით და მეთოდებით ვიყავი "მხილებული" წამების დანაშაულში და ამის დამადასტურებელი რა სახის დოკუმენტებიც არსებობდა და არსებობს, როგორ იქნა მოპოვებული ისინი სააკაშვილის მთავარ პროკურორ ზოდელავას გამოძიებისას, როდესაც ამ საქმეში ბრალდებულ ფარულავა-ფხალაძეს წამებით სასურველი აღიარების მიღების გამო ფეხზე ფრჩხილები დააძრეს... მოგთხოვთ ამაზე აუცილებლად პასუხს! თუმცა რაა გასაკვირი... თვითლუსტრაცია შესანიშნავი მაგალითია თქვენი მომავალი პოლიტიკური კარიერისთვის!", - ნათქვამია ვლადიმერ ბედუკაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, თინა ხიდაშელმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის  გადაცემა პოზიციის ეთერში განაცხადა, რომ ბედუკაძე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ უნდა გათავისუფლებულიყო. ხიდაშელის განცხადებით, თუ ადამიანი მხილებულია წამების დანაშაულში, როგორც არ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, დაუშვებელია მისი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება. 

კომენტარები