ვენეციის კომისია

ამნისტიის კანონი "არ შეესაბამება კანონის უზენაესობის პრინციპებს"

საქართველოში ამნისტიის კანონი არ შეესაბამება კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს - აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელმაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ მომზადებული კანონპროექტი განიხილა.

"საქართველოში ამნისტიის კანონი არ შეესაბამება კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს, კერძოდ, კანონიერების (მათ შორის, გამჭვირვალობის), თვითნებობის აკრძალვის, არადისკრიმინაციულობისა და კანონის წინაშე თანასწორობის შესაბამისად", - ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისია ასევე აღნიშნავს, რომ უნდა მოინახოს მექანიზმი, რომელიც მოიცავს სასამართლოსაც და რომელიც საქმეების გადაწყვეტაში ჩაერთვება:

"კრიტერიუმები, რომლებიც ამ მექნიზმებისთვის გამოიყენება, უნდა იყოს საჯარო, მათ შორის - წარსულში გამოყენებული კრიტერიუმებიც. მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის კანონპროექტი ამ მექანიზმის უზრუნველსაყოფადაა", - ნათქვამია დასკვნაში. 

ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კომისიამ დადებითი დასკვნა დადო, თუმცა სამინისტროს რამდენიმე გაუმჯობესება შესთავაზა.

ამნისტიის შესახებ კანონის პირველი შეფასება ვენეციის კომისიამ მარტში გამოაქვეყნა. დასკვნაში კანონის 22-ე მუხლთან დაკავშირებით შენიშვნები იყო გამოთქმული. კერძოდ, ვენეციის კომისიამ მიიჩნია, რომ არ ყოფილა ობიექტური კრიტერიუმების მიღების მცდელობა, "რომლის მიხედვითაც, პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება". დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საქმეების შერჩევის პროცესი არ იყო გამჭვირვალე.

მიმდინარე წლის იანვარში ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ წუხს, რომ ამნისტიის შესახებ კანონი კომისიის მოსაზრებების მიღებამდე დაამტკიცეს. ამ განცხადების საპასუხოდ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ "არ წუხს იმის გამო, რომ სანამ ვენეციის კომისია ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით დასკვნას გამოაქვეყნებდა, არაერთი ამნისტირებული პატიმარი დაუბრუნდა თავის ოჯახს". 

კომენტარები