აშშ-ის კონგრესის განცხადება

ნორლანდი: კონგრესი თვალს ადევნებს ქართული დემოკრატიის პროგრესს

georgia.usembassy.gov

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოთქმულ შენიშვნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონგრესი მრავალი წლის განმავლობაში ადევნებს თვალს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს. 

"როდესაც რადარზე გამოჩნდება რაღაც - ამ შემთხვევაში ეს არის ყოფილი პრემიერმინისტრის დაპატიმრება, კონგრესი თავის სიტყვას ამბობს ხოლმე", - განაცხადა ნორლანდმა.

აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომლის ნაწილიცაა დოკუმენტი უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ, ჯერ მხოლოდ წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, თუმცა ჯერ სენატში არ განხილულა. ნორლანდის თქმით, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში კრიზისი არაა და ეს ურთიერთობა ნამდვილად მტკიცეა. 

"ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი იყოს უფრო მაღალი და ქვეყანამ აქტიურად იმუშაოს ეკონომიკურ განვითარებაზე, მათ შორის - სამუშაო ადგილების შექმნასა და ინვესტიციების მოზიდვაზე", - აღნიშნა ნორლანდმა.

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს კენჭი უყარა. დოკუმენტი პალატამ 315 ხმით 108 ხმის წინააღმდეგ მიიღო. 315 მომხრეს შორის 212 რესპუბლიკელი და 103 დემოკრატია. ამ აქტის ნაწილია დოკუმენტი უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ, რომელშიც კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა, კონგრესმენ მაიკ ტერნერის ინიციატივით, შესწორება შეიტანა

ტექსტში განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის გამო და ცალსახადაა მითითებული, რომ ოპონენტების მიმართ მიღებული ზომები, გარკვეულწილად, პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი: "ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს, ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით და შესაძლოა არსებითად უარყოფითი გავლენა გამოიწვიოს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე, მათ შორის, უფრო ღია და მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე", - ნათქვამია შესწორებაში.

აშშ-ის კონგრესის შესწორებაში საუბარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის დაკავების ფაქტზეც: "ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება იწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას, განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ფაქტის ნეგატიური ზემოქმედება პოლიტიკურ თავისუფლებაზე საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2013 წლის ოქტომბერშია დანიშნული".

დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება "არასაკმარის ზომებს იღებს ნაციონალური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აღსაკვეთად და დამნაშავეთა დასასჯელად", რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს სწრაფვას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნისკენ, სადაც ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის თავისუფლება, გარანტირებული უნდა იყოს. 

შესწორებაში ცალსახადაა აღნიშნული, რომ შეერთებული შტატების პოზიცია ძალიან მკაფიო უნდა იყოს მაშინ, როდესაც "მთავარ მოკავშირე სახელმწიფოში დემოკრატია რეგრესს განიცდის".

 

კომენტარები