ქსენოფობია

არასამთავრობოები: ქსენოფობიას პოლიტიკურ დისკურსში სახიფათო მასშტაბი აქვს

მედიის განვითარების ფონდი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელმა გიორგი ტუღუშმა და მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა თამარ ხორბალაძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ ქსენოფობიამ და სიძულვილის ენამ საქართველოს პოლიტიკურ დისკურსში სახიფათო მასშტაბი შეიძინა და უკვე ნორმად დამკვიდრდა. ქართული მედიასივრცე კი გაჯერებულია მსგავსი ტიპის რიტორიკით, რასაც მკაფიოდ აჩვენებს არაერთი კვლევა.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მანკიერი პრაქტიკის ერთ-ერთი ძირითადი წყარო საქართველოში მოქმედი პოლიტიკური კლასია. ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური პარტიების, გაერთიანებებისა და მოძრაობების ლიდერები და წევრები, ასევე მათი მხარდამჭერი საჯარო პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციების ოფიციალურად დეკლარირებული შეხედულებებისა, ხშირად საკუთარ პოლიტიკურ რიტორიკას სწორედ ქსენოფობიასა და სიძულვილის ენას აფუძნებენ. პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ ყოველივე ეს ხელსაყრელ ფონს უქმნის იმ ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომლებსაც რიტორიკა მოქმედებაში გადაჰყავთ, რისი მკაფიო მაგალითი 17 მაისსა და შემდგომ დღეებში განვითარებული მოვლენები იყო, როდესაც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე თავად იქცა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დემონსტრირების დღედ.

"ხსენებული პრობლემების დასაძლევად საჭიროდ მიგვაჩნია სამოქალაქო სექტორის გაერთიანება ქსენოფობიასთან ბრძოლის იდეის ქვეშ, რათა ჩამოყალიბდეს ერთიანი სამოქალაქო პლატფორმა", - ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

"ერთი მხრივ, კარგია, როდესაც მონიტორინგს ახორციელებ და გაქვს მონაცემები, რომ ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა. თუმცა, როდესაც არანაირი ქმედითი მექანიზმი არ არსებობს ამ პრობლემების მოსაგვარებლად, მხოლოდ მონიტორინგი შედეგს ვერ გამოიღებს. ჩვენი ინიციატივა ემსახურება სწორედ იმას, რომ მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდირება საკითხის გარშემო და ასევე დაიწყოს მუშაობა უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებთან. ვაპირებთ დაველაპარაკოთ პარტიებს. შეიძლება დოკუმენტიც მივიღოთ, რომელსაც ხელს მოაწერენ. ვეცდებით პარტიები დავარწმუნოთ, რომ შექმნან შიდაპარტიული მექანიზმები, რომ რეაგირება მოახდინონ მსგავს პრობლემებზე, რომ არსებობდეს შიდა რეგულაციის მექანიზმები პარტიაში. ეს არ იქნება იოლი მისაღწევი და პარტიების ნებაზე იქნება დამოკიდებული", - აცხადებს გიორგი ტუღუში ტაბულასთან საუბარში.

კომენტარები