ცვლილებები კანონში

პრეზიდენტი ეროვნული გმირებისთვის ფულადი პრემიის გაზრდის ინიციატივით გამოდის

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტს, ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის გაუმჯობესების, ფულადი პრემიის გაზრდის და სახელმწიფო კომპენსაციის შემოღების საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. 

პროექტის თანახმად, ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებულთათვის დაწესებული ფულადი პრემია 5 ათასი ლარით იზრდება და 15 ათასი ლარი ხდება.

ასევე, ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებული პირებისათვის და მათი ოჯახის წევრებისთვის შემოღებული იქნება სახელმწიფო კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით. მათ, დავით აღმაშენებლისა და ვახტანგ გორგასლის ორდებით დაჯილდოებულ პირთა მსგავსად, შეეძლებათ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ჯანმრთელობის დაზღვევით სახელმწიფო ხარჯზე.

პრეზიდენტის ინიციატივის გათვალისწინებით, ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებული პირებისათვის და მათი ოჯახის წევრებისთვის შემოღებული იქნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც მინისტრისთვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით განისაზღვრება. დაჯილდოებული პირის გარდაცვალების ან პირის გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაცია მის მემკვიდრეებს მიეცემათ. 

პროექტის მიხედვით, თუ ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებული პირი იმავდროულად საჯარო სამსახურში მუშაობს, მას სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება არ შეუწყდება.

სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ კანონში და სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. 

კომენტარები