ოკუპირებული ტერიტორიები

ფანჯიკიძე: საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენები შეიძლება, არ ასახავდეს მთლიანად რუსეთის ხელისუფლების განწყობას

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 11 ივნისს სამინისტროში ჟურნალისტებს უმასპინძლა. მინისტრს არაერთი შეკითხვა დაუსვეს საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით.

"სამწუხაროდ, ეს პროცესები გრძელდება, რაც ჩვენ არ გვიკვირს. ეს არ დაწყებულა ერთი კვირის წინ. ეს არის 2011 წელს დაწყებული პროცესი, 2013 წლის იანვარში მიიღო უფრო სერიოზული ხასიათი და კულმინაციას მიაღწია ჯერჯერობით და იმედია, ამაზე მეტი არ იქნება. ორი კვირის წინ ჩვენ მოვახდინეთ საერთაშორისო აზრის მობილიზება ამ საკითხის ირგვლივ. მე კონკრეტული ინფორმაცია, თუ დღეს რა ხდება, არ მაქვს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმის გაგრძელებაა, რაც 10 დღის წინ ხდებოდა. ჩვენი რეაქცია იქნება შესაბამისი. ჩვენ შევატყობინებთ ამ ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობას, ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს. ვეცდებით აღვკვეთოთ რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის მცდელობა". მაია ფანჯიკიძემ განმარტა, რომ ისინი არ წამოეგებიან პროვოკაციებს და მხოლოდ დიპლომატიურ და მშვიდობიან გზას დაუპირისპირებენ რუსეთის მოქმედებებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ თემაზე უპასუხა ტაბულას კითხვასაც. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, იზიარებს თუ არა პრემიერმინისტრის ხედვას, რომ საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენები გაუგებრობაა და რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების სტრატეგიას არ წარმოადგენს. ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ეს ჟენევის მოლაპარაკებების დისკუსიის საგანია, სადაც გაირკვევა - არის თუ არა ეს პროცესები გაუგებრობა.

"ყველას ვურჩევ, დაველოდოთ ჟენევის მოლაპარაკებებს და სწორედ იქ გაირკვევა, არის ეს გაუგებრობა, არის ეს ცენტრალური ხელისუფლების სურვილი, არის ეს ცალკეული ჯგუფების სურვილი და მათ მიერ მიზანმიმართული ქმედება, თუ ვინაა რეალური ავტორი ამ ბრძანებისა, რომელიც, ცხადია, რომ მოდის მოსკოვიდან. ეს არ დაუმალავთ თვითონ იმ სამხედროებს, რომლებიც ინსტალაციას ახდენენ, მაგრამ ჩვენ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს შეიძლება იყოს, ვიღაცა კონკრეტული ჯგუფის, ან ადამიანის, ან უწყების ინიციატივა და არ ასახავდეს მთლიანად რუსეთის ხელისუფლების განწყობას დღეს საქართველოს მიმართ. ეს იგულისხმა პრემიერმა, ამას ვადასტურებ მეც. ჟენევის მოლაპარაკებები უფრო ნათელ სურათს შეგვიქმნის", - აცხადებს ფანჯიკიძე და ამატებს, რომ ამის შემდეგ ეცოდინებათ, უნდა დასახონ თუ არა რეაგირების სხვა სტრატეგია.

კომენტარები