17 მაისის მოვლენები

ღარიბაშვილი: მე ვიცი, ვინ იდგა 17 მაისს დაგეგმილი პროვოკაციის უკან

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ის გვერდი.

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაზეთ ასავალ-დასავალთან ინტერვიუში 17 მაისის მოვლენებს დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს. მისი თქმით, დაზუსტებით არ შეუძლია თქვას, რადგან გამოძიებას არ დაუდასტურებია, თუმცა მან იცის, ვინ იდგა 17 მაისის პროვოკაციის უკან. "ეს ძალიან ადვილი მისახვედრია და თქვენც მიხვდებით და მკითხველიც!" - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი დაკონკრეტების გარეშე. შეგახსენებთ, რომ 17 მაისის მოვლენების გარედან მართვის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმაც გააკეთა, თუმცა დაზუსტებისგან მანაც თავი შეიკავა.

მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ 17 მაისს პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით არანაირ კრიტიკას არ მიიღებს, რადგან ეს კრიტიკა არაჯანსაღი და არაობიექტურია. მისი თქმით, უკონტროლო სიტუაცია შეიქმნა, რადგან კონტრაქციაზე 5 ათასს ადამიანს ელოდნენ და ამის ნაცვლად 40 ათასი ადამიანი მივიდა, რომელსაც 300-მდე სასულიერო პირი მოუძღვებოდა. მისი თქმით, 40 ათასი კონტრდემონსტრანტის შეკავება შეუძლებელი იყო და რომ არა პოლიციის მოქმედება, რუსთაველზე სისხლი დაიღვრებოდა. "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ალბათ, ოცნებობდნენ, რომ პოლიციას 17 მაისს დაერბია კონტრდემონსტრანტები. ვინ უნდა დაგვერბია? 300 მოძღვარი, მრევლი და ჩვენი 40 ათასი თანამოქალაქე?!" - აცხადებს შს მინისტრი.

ღარიბაშვილი აცხადებს იმასაც, რომ 17 მაისს თუ ვინმე დაზარალდა, ისინი მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ - სამმა მათგანმა ფეხი მოიტეხა და რამდენიმე პოლიციელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მისი თქმით, იდენტობის არცერთი წარმომადგენელი არ დაზარალებულა და დაშავებულა, წინა აქციების დროს კი, ლგბტ პირებს სცემდნენ. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აქციის დარბევისას 28 ადამიანი დაშავდა - მათ შორის, ჟურნალისტი.

"ძალადობა ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს, დასაგმობია. თავად მისმა უწმინდესობამაც დაგმო ძალადობა სასულიერო პირების მხრიდან და საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ პასუხისგებაში იქნა მიცემული ორი სასულიერო პირი და ექვსი მოქალაქე, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ",- აცხადებს ღარიბაშვილი ინტერვიუში.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ევროკომისარმა შტეფან ფულემ პირდაპირ უთხრა, რომ მათ ადგილას ზუსტად იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდა.

კომენტარები