NATO-საქართველო

ჯეიმს აპატურაი ირაკლი ალასანიას შეხვდა

NATO

NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეხვედრაზე მხარეებმა NATO-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე ისაუბრეს ISAF-ის მისიაში საქართველოს კონტრიბუციაზე.

ჯეიმს აპატურაის თქმით, საქართველო ალიანსის განსაკუთრებული პარტნიორია.

"მადლობა გადავუხადე მინისტრს და ქართველ ხალხს იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენს ჯარებს ავღანეთის მისიაში შეაქვთ. ასეთი პატარა სახელმწიფოსთვის 22 გარდაცვლილი დიდი მსხვერპლია. ჩვენ ვისაუბრეთ ამ ოპერაციის მომავალზე და ცნობილია, რომ საქართველო ამ მისიაში 2014 წლის შემდეგაც მიიღებს მონაწილეობას. ეს არა მხოლოდ NATO-სთვის, არამედ საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. თქვენი ქვეყანა იზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ამისთვის მადლობელი ვართ", - განაცხადა აპატურაიმ.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან საუბრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტი იყო.

"ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე. როგორც წესი, საბჭო გასვლით სხდომებს არ მართავს. თუ მისი წევრები მიემგზავრებიან, ისინი ადგილად საქართველოს ირჩევენ. საქართველოს სურს ალიანსში გაწევრიანება და ჩვენ ვეხმარებით, რომ საჭირო სტანდარტები დააკმაყოფილოს. თავდაცვის მინისტრი ძირეულ რეფორმებს ატარებს თავდაცვის უწყებაში. სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს ახლახან მოეწერა ხელი, რასაც ალიანსი მიესალმება. ჩემი აზრით, დღეს თავდაცვის სამინისტროს ძალიან კარგი ხელმძღვანელი ჰყავს", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

"ჩვენ ნათლად გვაქვს წარმოდგენილი, თუ როგორ უნდა მივიდეთ მომავალი წლის სამიტამდე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას თავდაცვისა და იუსტიციის სისტემაში რეფორმირების კუთხით. პოლიტიკური რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაიწყო, ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი და წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებისათვის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ NATO-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში ხვალ, 5 მაისს გაიმართება.

კომენტარები