პრემიერის განცხადება

ივანიშვილს არ ესმის, რაში იღებს ხელფასს ბოკერია

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერი ივანიშვილი გადაცემა "რეზიუმესთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 8 თვის განმავლობაში არ გამართულა და მას არ ესმის, რაში იღებს ხელფასს გიგა ბოკერია. 

"უკვე 8 თვეა, საბჭოს სხდომა არ მოუწვევიათ, რაში იღებენ ხელფასს და რას აკეთებენ. საყვედურები წამოვიდა ჩვენი გუნდიდან - რას აკეთებს უშიშროების საბჭო?! მხოლოდ ვაშინგტონში დადის და ლობისტებს ხვდება?! ბოკერიას ვაშინგტონში ყოფნა უძღოდა წინ ვაშინგტონ პოსტის სტატიას. რას აკეთებენ ისინი ქვეყნისთვის, სად დადიან პრეზიდენტი და ბოკერია, არავინ არაფერი ვიცით. რაში იღებენ ჩვენი გადამხდელების ფულს?! სად იყვნენ აქამდე, ვინ დაუშალა ან ვინ შეუშალა ხელი?!", - აცხადებს პრემიერი. 

ივანიშვილი ბოკერიას გუშინდელ განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისთვის საპასუხო არაფერი აქვს: "კეთილი ინებონ და ჩემი მითითებების ლოდინის ნაცვლად იმოქმედონ ისე, როგორც ამას კონსტიტუცია და კანონი ავალებთ. მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიცია მაქვს მე, მათ უნდა გააკეთონ ის, რაც ევალებათ", - აღნიშნავს ივანიშვილი. 

გუშინ გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ფორმალურად და რეალურად პრეზიდენტი იწვევს, თუმცა ამისთვის პრემიერის მზაობაა საჭირო.

"ფორმალურად და რეალურადაც პრეზიდენტი იწვევს უშიშროების საბჭოს, მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი შეხვედრა იყოს აზრიანი და საერთოდ შედგეს შეხვედრა, უნდა იყოს მზაობა პრემიერის. ცირკის გამართვა არ არის ამოცანა, რომ მე მოვიწვიე სხდომა და ვიღაცას არ სცალია ამ დროს. პრემიერისგან იყო ნეგატიური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თუ მან ეს დამოკიდებულება შეიცვალა და მოიცლის ასეთ საკითხებზე საუბრისთვის, იქნება კარგი, მაგრამ ეს პასუხი ჩვენ არ მოგვისმენია და ცალკეული დეპუტატების განცხადებები ამ ტიპის, ვერ იქნება ნამდვილად პრემიერის პასუხი", - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები