ოკუპირებული ტერიტორიები

ზაქარეიშვილი: დასავლეთმა დაინახა, რომ საქართველომ მკაფიოდ შეიცვალა პოლიტიკა რუსეთთან

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ახალმა პოლიტიკამ, დასავლეთს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არგუმენტები, თბილისის სასარგებლოდ გაუძლიერა. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ჯეიმს აპატურაის მიერ დაფიქირებულ პოზიციაში ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი ქართული პოლიტიკა შედეგებს იძლევა. 

"აქამდე დასავლეთი პასუხისმგებლობას ორივე მხარეზე ანაწილებდა. მართალია, ქართულ მხარეზე უფრო ნაკლები პასუხისმგებლობა ნაწილდებოდა, მაგრამ ეს მაინც ორივე მხარეს ეხებოდა. ახლა კი მათ დაინახეს, რომ საქართველომ მკაფიოდ და ცალსახად შეცვალა პოლიტიკა და ასეთივე პოლიტიკას და ნაბიჯებს ელიან რუსეთისგან. ჩვენი ამოცანა იყო, წაგვერთმია საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო არგუმენტები, როგორც აფხაზებისა და ოსებისთვის, ისე რუსეთისთვის, რომ თბილისი აგრესიულია და არ სურს თანამშრომლობა რუსეთთან, აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენი სტრატეგიის მიზანი იყო, გაგვეძლიერებინა არგუმენტები დასავლეთისთვის და ამას მივაღწიეთ. დასავლეთის პოზიციები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით გაძლიერდა ჩვენი პოლიტიკით და უკვე ჩვენს პარტნიორებს - დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ არგუმენტი, რომ რუსეთი არაადეკვატურად პასუხობს ჩვენს სამშვიდობო ნაბიჯებს. ეს გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ამ გზას აუცილებლად გავაგრძელებთ. არ ველოდი, რომ ასე სწრაფად დადგებოდა ჩვენი სტრატეგიის რეალიზაციის პერიოდი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 

შეგახსენებთ, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა, რომ  საოკუპაციო ზოლთან შექმნილი მდგომარეობა იმედგაცრუების საბაბს იძლევა იმ ფონზე, როდესაც "ქართულ მხარეს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობები ჰქონდა".

ზაქარეიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიმართა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

"იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომლებიც დღეს აქტიურობს და ეფექტური ნაბიჯებისკენ მოგვიწოდებს, რუსეთის აგრესიის თაობაზე არასოდეს საუბრობდა 2008 წლის ომის დროსაც კი. პირადად მე, მაშინ ცხინვალში ჩავდიოდი, ხალხი გამომყავდა, ადამიანის უფლებებს ვიცავდი და ხელისუფლებას ყოველთვის ვთავაზობდი განსხვავებულ აზრსა და პოზიციას, რომლის მართებულობასაც შემდეგ დრო აჩვენებდა. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არა მხოლოდ ზოგადი მოწოდებებით მათი მხრიდან. თუ მათ არ მოსწონთ ჩვენი პოლიტიკა, შემოგვთავაზონ საკუთარი ხედვები და წინადადებები, რაში ხედავენ გამოსავალს. უცნაურია, რომ მოწოდებების ავტორთაგან ზოგიერთი ორგანიზაცია არასოდეს ყოფილა ჩართული კონფილქტის მოგვარების საკითხებში. ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით ჩართულები იყვნენ და არიან, კარგად ხედავენ ამ საკითხების სირთულეს და არ აძლევენ თავის თავს ზოგადი შეფასებების უფლებას ისე, რომ არ შემოგვთავაზონ საკუთარი ვარიანტი", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონფლიქტური ზონის მიმდებარე სოფლებში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გუშინ გაავრცელეს. 

"მოვუწოდებთ საოკუპაციო რეჟიმს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქეები და შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების დარღვევა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად", - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

კომენტარები