ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

მინიონი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს

epochtimes-romania.com

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ჟან კლოდ მინიონი, საქართველოს პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკური კოაბიტაციის კულტურის განვითარებას სთავაზობს. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

ჟან კლოდ მინიონი, 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლას მიესალმება და მოუწოდებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას გააგრძელონ ურთიერთპატივისცემა, რადგან "ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ კლიმატის შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს ძალაუფლების ტრანსფორმაციას".

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ შეხვედრისას, მან ქართველ პოლიტიკოსებს ხელისუფლების ყოფილი წევრების დაკავებით გამოწვეული საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება გააცნო.

"ეს პროცესები განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმიტომ, რომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ხდება", - აღნიშნავს მინიონი და იმედოვნებს, რომ  ქართული სასამართლო ასეთ საქმეებს სრული მიუკერძოებულობით შეისწავლის.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ორიენტაციას და საპარლამენტო ასამბლეა მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

მინიონი ოკუპირებული ტერიტორიების თემასაც ეხება და მოუწოდებს ქართულ პარტიებს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ზომების გატარებისგან, რადგან ამან შესაძლოა გაამწვავოს დაძაბულობა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან. 

"ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, იძულებით გადაადგილებულ პირთა პირობების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, თუმცა მათი ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ შეშფოთებას იწვევს", - აცხადებს ჟან კლოდ მინიონი. 

კომენტარები