პრემიერმინისტრმა, ტელეკომპანია კავკასიის სტუდიაში, ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, მან რამდენჯერმე სთხოვა ნაციონალურ მოძრაობას, მათი დაცვის საშუალება მიეცათ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ "მთელი ევროპა უყურებს, მაინც არ ჩერდებიან" და ბრალს სდებენ მას, რომ მერაბიშვილი მისი პირადი პატიმარია.
"მე გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, მინიონთან მქონდა შეხვედრა და ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მასაც ჰქონდა შეკითხვები, რომ ეს პოლიტიკური ხომ არ არის და ასე შემდგომ. ხომ არ სჯობს უფრო ფრთხილად მოვიქცე, პოლიტიკურად რჩევებიც მომცა. მე განმარტებები გავუკეთე. მათ აბსოლუტურად განსხვავებული ინფორმაცია აქვთ. მე დღეს პრემიერმინისტრი ვარ და ასეთი განცხადებების კეთება ჩემგან შესაძლოა უხერხულია, მაგრამ ჩვენ საზოგადოების განწყობა ვიცით და მიუხედვავად ამისა, იცით, რომ ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის, სახალხო პარტიის მიერ განიხილებოდა და იცით, რომ შერჩევითი სამართლის შესახებ რეზოლუცია ჩავარდა. მსგავსი დადგენილება ყველაზე დიდ პარტიას პირველად ჩაუვარდა, იქაც ვერ გაიტანეს. რამდენადაც არ უნდა გავუფრთხილდე სიტყვებს, ჩვენს ოპონენტებს მაინც შევახსენებ, რომ საკუთარ მოსახლეობას გაუწიონ ანგარიში. მათ საკუთარ მოსახლეობასთან გასაგებ ენაზე უნდა ისაუბრონ. ჩვენ შემნდობი ხალხი ვართ, მაგრამ ამას შესატყვისი ქცევები უნდა. ისევ აგრესიას, ძალადობას აგრძელებენ. მე მათ რამდენჯერმე ვთხოვე, მომეცით საშუალება, რომ დაგიცვათ. მთელი ევროპა უყურებს, მაგრამ მაინც არ ჩერდებიან და ამბობენ, რომ ეს არის ჩემი პირადი პატიმარი. ღმერთმა დამიფაროს, რაში მჭირდება პატიმრები. საკუთარ სახელმწიფოს მოექცნენ ნორმალურად, კანონი დაიცვან", - აღნიშნა პრემიერმა.





