სოციალურად დაუცველები

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინეს

tbilisi.gov.ge

სოციალურად დაუცველთა საპროტესტო აქციაზე, რომელიც თბილისის მერიასთან იმართებოდა, ვითარება დაიძაბა.

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, აქციის მონაწილეებმა მერიის ცენტრალური შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, რაც ცოტა ხნით მოახერხეს კიდეც. მალევე, იქვე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა სოციალურად დაუცველები შესასვლელიდან იძულებით გაიყვანეს, რასაც დაძაბულობა მოჰყვა. მომხდარის შედეგად აქციის მონაწილე ქალბატონი შეუძლოდ გახდა და პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.

აქცია უსახლკარო სოციალურად დაუცველების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მოთხოვნით იმართებოდა. სოციალურად დაუცველებმა ასევე გააპროტესტეს შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტი, რომლითაც განისაზღვრა კრიტერიუმები საცხოვრებელი ფართების უზრუნველყოფისთვის. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ უმრავლესობა ამ კრიტერიუმებში ვერ ჯდება.

კომენტარები