პარლამენტის თავმჯდომარე

უსუფაშვილი: 26 მაისის მოვლენებში თუ მერაბიშვილი არაა დამნაშავე, გვითხრან ვის მიუძღვის ბრალი

ტაბულა

თუკი ნაციონალურ მოძრაობა ამბობს, რომ 26 მაისს მომხდარ მოვლენებში ვანო მერაბიშვილი დამნაშავე არ არის, მაშინ უნდა თქვან ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, ჟურნალისტებს, ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

უსუფაშვილის თქმით, მან ჟან კლოდ მინიონისგან მოითხოვა, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ პროცესებს, რაც შეიძლება მეტი ნეიტრალური დამკვირვებელი დააკვირდეს.

"ჩვენ რომ გავიგოთ, რომ რომელიღაც ქვეყნის პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი ან პარლამენტის თავმჯდომარეა დაკავებული, შეუძლებელია კითხვები არ დაიბადოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ რაც შეიძლება მეტი ნეიტრალური დამკვირვებელი დააკვირდეს პროცესს. ბატონ მინიონს ვთხოვე, ნუ დაუჯერებენ ნურც დღევანდელ და ნურც წინა ხელისუფლებას, გამოგზავნონ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი და მეტი ჰამერბერგი, რომელიც ამ საქმეებს შეისწავლის. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, მაშინ მე მას მივმართავ კითხვით, თუკი 26 მაისის მოვლენებში ვანო მერაბიშვილს წვლილი არ მიუძღვის, მაშინ გვითხრან ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, რომელიც ყველამ ვნახეთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები