მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა

ვანო მერაბიშვილი
ტაბულა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმა. ამჯერად საქმე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს ეხება.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის 26 მაისს იმჟამინდელ შს მინისტრის, მერაბიშვილის, დავალებითა და ხელმძღვანელობით დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის მიზანი მათი მასობრივი დაკავება, დაშინება და დასჯა იყო.

"პოლიციამ წინდაწინ გადაკეტა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის, კინოთეატრ "რუსთაველისა" და სხვა მიმდებარე ქუჩები. დაახლოებით 00 საათსა და 10 წუთზე, პირადად ივანე მერაბიშვილის ბრძანებითა და კონტროლით, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა საპირისპიროდ, კერძოდ, მომიტინგეებისათვის ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვებისათვის აუცილებელი გონივრული ვადის მიცემის გარეშე, მხოლოდ ფორმალური გაფრთხილების შემდეგ, საპოლიციო ქვედანაყოფებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მიტინგის დაშლის ოპერაცია.

წყალსატყორცნი საშუალების გამოყენებისთანავე, არსებითი წინააღმდეგობის გარეშე, მომიტინგეები შეეცადნენ გაქცევას, თუმცა, წინასწარ შეთანხმებული ზემოაღნიშნული გეგმის შესაბამისად, მათ განზრახ არ მიეცათ ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლისა და პოლიციის მოთხოვნის შესრულების შესაძლებლობა. შესაბამისად, ალყაშემორტყმულ მშვიდობიან მოქალაქეებზე ერთდროულად და ინტენსიურად რამდენიმე მიმართულებიდან განხორციელდა რეზინის ხელკეტებითა და ტყვიებით აღჭურვილი პოლიციის რაზმების იერიში როგორც ქუჩაში, ასევე შენობებში, რა დროსაც შეგნებულად გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ შედეგად, გარდაიცვალა ორი, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო სამასამდე ადამიანმა. რამდენიმე პირი კი, პროკურატურის მტკიცებით, უსაფუძვლოდ დააკავეს.

პროკურატურისვე მტკიცებით, იმჟამინდელმა ხელისუფლების მხრიდან მომხდარზე რეაგირება თვალთმაქცური იყო: "კერძოდ, არსებული ვითარების გაუბრალოებისა და, რაც მთავარია, დანაშაულში ივანე მერაბიშვილისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით მოჩვენებითად დაისაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 თანამშრომელი, რომელთაგან არცერთი უშუალოდ არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში. მათ შორის, საყურადღებო და ხაზგასასმელია, რომ სამი მათგანი აქციამდე იყო დათხოვნილი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი 21 მაისს დააკავეს. მას ბრალად ამ დრომდე უფლებამოსილების გადამეტება, ამომრჩევლის მოსყიდვა, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და სხვისი საკუთრების უკანონოდ მითვისება ედებოდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

 

კომენტარები