ანგარიში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

თედო ჯაფარიძე: მომხდარის გამო სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპანტ სახელმწიფოს

wikipedia.org

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სოფელ დიცისა და დვანის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და მავთულხლართების გავლების ფაქტის შესახებ.

კომიტეტის თავმჯდომარე გმობს ამ მოვლენას და აცხადებს, რომ ამან "სერიოზული საფრთხე შეიძლება შეუქმნას რეგიონულ სტაბილურობას".

იგი მიიჩნევს, რომ "ჟენევის თუ სხვა (აბაშიძე-კარასინი) ფორმატში მიმდინარე საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების ფონზე, ამგვარი პროვოკაციები საფრთხის შემცველია სამშვიდობო პროცესის სტაბილურად წარმართვისათვის".

"მომხდარის გამო სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას, რომელიც კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევით საქართველოს ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციას", - ნათქვამია ჯაფარიძის განცხადებაში.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უარი თქვას საქართველოს ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციაზე.

ჯაფარიძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მოუწოდებს, გაააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის მიზნით.

კომენტარები