17 მაისის მოვლენები

სასულიერო პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით პროკურატურას სასამართლოსთვის არ მიუმართავს

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ორ სასულიერო პირს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით პროკურატურას სასამართლოსთვის დღემდე არ მიუმართავს.

როგორც ტაბულას პროკურატურაში განუცხადეს, უწყებას ამ საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოსთვის არ მიუმართავს, რადგან ბრალდებულების მიმართ საპატიმრო ღონისძიება არ გამოყენებულა და პროკურატურა შუამდგომლობის დაყენებისთვის ვადებში შეზღუდული არ არის.

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სასულიერო პირებს შსს-მ ბრალი უკვე წაუყენა, სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართვა კი პროკურატურის პრეროგატივაა.

17 მაისის ინციდენტში მონაწილე სამების ტაძრის არქიმანდრიტსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს ბრალი შსს-მ 23 მაისს წაუყენა. სასულიერო პირებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წაყენებული (შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა), რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

კომენტარები