გამოძიება

ივანიშვილი: თუ კირვალიძის დანაშაული არ იკვეთება, მინდა, თანამდებობაზე დაბრუნდეს

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობის ვაკანტურად დატოვება სურს. მისი თქმით, თუ კანონმდებლობა არ დაირღვევა, მინისტრის თანამდებობა გამოძიების დასრულებამდე ვაკანტური დარჩება. იმ შემთხვევაში კი, თუ დავით კირვალიძის დანაშაული არ გამოიკვეთა გამოძიებისას, მისი თანამდებობაზე დაბრუნება სურს. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის სხვა წევრის გადადგომის, ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პრემიერმინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით ორი კვირის ვადაში ნიშნავს მთავრობის ახალ წევრს. დავით კირვალიძის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება ივანიშვილმა 10 მაისს გამოსცა.

"ვფიქრობ, გამოძიების პროცესი 24 მაისამდე დასრულდება. პროკურატურაში ამისთვის მზაობაა. სასამართლომდე ვინმეს დანაშაულზე არ უნდა ვისაუბროთ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ საკმარისი მასალები აქვს და პროცესი მალე დასრულდება. თუ დავით კირვალიძის დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება, ჩემი დიდი სურვილია იგი თანამდებობაზე დაბრუნდეს. იქამდე კი, ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა და სიმართლე არ გვეცოდინება სამინისტროში განვითარებულ პროცესებში კირვალიძის მონაწილეობა-არმონაწილეობის შესახებ, კარგი იქნება ამ ადგილზე არავინ დაინიშნოს", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები