საქართველოს პრემიერმინისტრი 17 მაისის ძალადობის თემას გამოეხმაურა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეკლესიის მსახურება ალიბი ვერავისთვის იქნება და ყველა დამნაშავე დაისჯება. პრემიერმა ისიც განაცხადა, რომ შს მინისტრს აქვს ეჭვები, რომელსაც თავადაც იზიარებს, რომ ძალადობა გარე ძალებისგან იმართებოდა და ფინანსდებოდა.
ივანიშვილმა განმარტა, რომ საქართველო და ქართული საზოგადოება ექსტრემისტულად განწყობილი არ არის და 17 მაისის მოვლენები არ მომხდარა ბუნებრივად. ჟურნალისტების კითხვაზე მას არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას.
"ძალადობას არც ქრისტიანობა ღაღადებს, მით უმეტეს მართლმადიდებლური, თუმცა, არც სხვა ქრისტიანობა, ეს არ იყო არც ქართული ხასიათი. ის, რაც მოხდა, დასაგმობია. მე ვფიქრობ, პოლიციის რეაქცია და პოზიცია ძალიან ადეკვატური იყო იმ სიტუაციაში. მაქსიმუმი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. პირველი შემთხვევაა, რომ უმცირესობები დაიცვეს და გაარიდეს მაინც და არ მოხდა მათი დარბევა. მთავარ სიტყვას გამოძიება იტყვის და აქ უკვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს მკვეთრ პოზიციას - ეკლესიის მსახურება ვერ იქნება ალიბი ვერავისთვის და ვინც დააშავა და გადააჭარბა კანონს, ვინც მოუწოდებდა ძალადობას და ძალადობდა, ყველანი დაისჯებიან", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, გამოძიება გრძელდება. "შეიძლება მყისიერი შედეგი არ არის ორდღიანი, ისეთი ეფექტური, როგორიც საჭიროა. ჯერ დრო არაა გასული, ვადები არაა ისეთი, რომ საზოგადოების შფოთვა გამოიწვიოს. არსებობს მზაობა მინისტრის, სამართალდამცავი სტრუქტურების, მთავრობის, განწყობაა მთლიანად ისეთი, რომ კანონის დარღვევის ფაქტზე ყველამ უნდა აგოს პასუხი - ეს იქნება ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სასულიერო პირი. კანონის წინაშე ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ. იმ კითხვებს, რაც არსებობს ევროპის თუ ამერიკის მხრიდან, პასუხი გაეცემა სამართალდამცავი სტრუქტურების სწორი ქმედებით", - განაცხადა პრემიერმა.