რეჟიმი უნდა გასამართლდეს

ყრილობის "რეჟიმი უნდა გასამართლდეს" მონაწილეებმა რეზოლუცია მიიღეს

medianews.ge

სპორტის სასახლეში გამართული ყრილობა "რეჟიმი უნდა გასამართლდეს" დასრულდა. ყრილობის მონაწილეებმა რეზოლუცია მიიღეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პირველ ოქტომბერს ქართველი ხალხისა და საზოგადოების არჩევანი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა იყო "და არა წინა რეჟიმთან თანამშრომლობა".

რეზოლუციის მიმღებთა თქმით, საზოგადოება მხოლოდ იმ პირობით დაუჭერს მხარს მოქმედ ხელისუფლებას, თუ ის საკუთარ წინასაარჩევნო დანაპირებს, სამართლიანობის აღდგენის შესახებ, შეასრულებს. 

"ჩვენი ლეგიტიმური უფლებაა, დავიცვათ სამშობლო ისეთი მაოხრებელი ჯგუფისგან, როგორიც ნაციონალური მოძრაობაა. უკვე ყბადაღებულად ქცეული ტერმინი კოჰაბიტაცია, ჩვენებურად თანაცხოვრება, თანაარსებობა, ზოგად ასპექტში მისაღებია, მაგრამ არის ზღვარი, რომლის გადალახვაც არ ეგების. ეს ზღვარი ხალხსა და სააკაშვილის რეჟიმს შორის თვით ნაციონალურმა მოძრაობამ გაავლო. მათ მიერ მოკლული, ნაწამები, დასახიჩრებული და აბუჩად აგდებული ადამიანების უკანონოდ გასხვისებული კერძო საკუთრების სახით. ეს ზღვარი გაივლო იმ სისხლის მდინარეებით, რომელიც ყოფილმა რეჟიმმა რუსთაველზე საკუთარ ხალხს ბევრჯერ ადინა. ევროპული დემოკრატიის უპირველესი პრინციპი ღაღადებს, უმკაცრესი პასუხისმებლობა დაეკისროს მას, ვინც ადამიანების სიცოცხლის უფლებას ხელყოფს", - ნათქვამია რეზოლუციაში. 

შეგახსენებთ, სპორტის სასახლეში, სამართლიანობის აღდგენისა და წინა ხელისუფლების გასამართლების მოთხოვნით, ყრილობა "რეჟიმი უნდა გასამართლდეს" გაიმართა.

ყრილობის ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაციის - ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის - ხელმძღვანელის, ნანა კაკაბაძის თქმით, "დროა ნაციონალური რეჟიმი და სისტემა კანონის სრული სიმკაცრით გასამართლდეს". 

კომენტარები