პოლიციელის დღე

ღარიბაშვილი: მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების მემორიალი აიგება

ტაბულა

შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციის თანამშრომლების ხსოვნის უკვდასაყოფად, მემორიალი აიგება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

"მინდა, განსაკუთრებული პატივი მივაგო იმ პოლიციელთა ხსოვნას, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას და საერთაშორისო მისიაში ქვეყნის ინტერესების დაცვას შეეწირნენ. მე მინდა აღვნიშნო, რომ აქამდე, სამინისტროს სისტემაში არ მომხდარა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ თანამშრომელთა სრული სიის შედგენა. ჩვენ განვახორციელეთ არქივში მონაცემთა დაზუსტება და ვგეგმავთ ამ თანამშრომლების უკვდასაყოფად მემორიალის აგებას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრმა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა.  

"დღეს დილით, კარალეთში, პოლიციელის დღის აღნიშვნისადმი განკუთვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ვთქვი და აქაც მინდა გავიმეორო: სახელმწიფოს მიერ ამ კონფლიქტის პოლიტიკური გზით და მხოლოდ მშვიდობიან გადაწყვეტას ყველა სახელმწიფო ორგანოს მიერ განსაკუთრებით გონივრული, თანმიმდევრული, მაღალპროფესიული მიდგომა სჭირდება, რათა აღვადგინოთ მეგობრული ურთიერთობა ჩვენს ძმებთან", - განაცხადა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც შსს ღონისძიებებს მართავს. დღესვე, ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ კარალეთში სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზას ეწვია, სადაც ბაზის 11 თანამშრომელს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მედლები გადასცა.

კომენტარები