პოლიციელის დღე

ღარიბაშვილი: პოლიცია მთელი საზოგადოების ნდობასა და სიყვარულს დაიმსახურებს

ტაბულა

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შს მინისტრმა, ირაკლი ღრიბაშვილმა სამინისტროში მიწვეულ სტუმრებს ტექნიკური და ინოვაციური სიახლეები გააცნო.

პრემიერმა და მიწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს პოლიციელის ახალი უნიფორმა, სამხრე ვიდეოკამერა, ჟეტონი, ახალი ავტომანქანა და მასზე დასაყენებელი ვიდეორეგისტრატორი. ასევე გაიმართა ახალი ვებგვერდის მობილური აპლიკაციისა და ქვეყნის მასშტაბით დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგისთვის დამონტაჟებული კამერების სამეთვალყურეო პროგრამის პრეზენტაცია. 

გარდა ამისა, სამინისტროში წარმოადგინეს ახალი კანონი პოლიციის შესახებ, შს სამინისტროს განვითარების სტრატეგია, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი. დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა 50 თანამშრომელი დააჯილდოვა. 

ღარიბაშვილმა სამინისტროს სისტემის შემადგენლობას პოლიციელის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პოლიცია ”მთელი ქართული საზოგადოების სიყვარულსა და ნდობას დაიმსახურებს”. 

"დღეს ჩვენი აქ შეკრების მიზეზი ყველასთვის ნათელია. მე მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მთელ შემადგენლობას მივულოცო პოლიციის დღე. როგორც აქ დამსწრეებისთვის არის ცნობილი, შსს არის წამყვანი სამართალდამცველი უწყება. ჩვენი სტრუქტურა მოიცავს რამდენიმე სახის პოლიციას, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფოში არსებული კანონიერების განუხრელ დაცვას, საზოგადოების უსაფრთხოების და წესრიგის დაცვას. დანაშაულის გახსნის და მისი აღკვეთის მიზნით ჩვენი უწყება თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. დღეს ჩვენს წინაშე დგას ამოცანა, რომ შევქმნათ და განვავითაროთ საზოგადოებაზე ორიენტირებული და დეპოლიტიზებული პოლიცია, რომელიც უზრუნველყოფს წესრიგსა და უსაფრთხოებას ეთიკისა და მორალის დაცვით და არამც და არამც მოქალაქეთა რეპრესირების და ჩაგვრის ხარჯზე. პოლიციელი თითოეული მოქალაქის მეგობარია და არა მისი ოპონენტი. ეს ხედვა არის ჩვენი სამინისტროს გენერალური ღერძი. საზოგადოებას და პოლიციას შორის ღია, ანგარიშვალდებული ურთიერთობის ჩამოყალიბების გარანტიად გვესახება პოლიციელის ყოველდღიური საქმიანობის, ჰუმანურობის, ადამიანობისა და კანონიერების პრინციპებზე აგება. ამ გზით დავიმსახურებთ მთელი მოსახლეობის ნდობას და სიყვარულს, რის შედეგადაც ჩვენი პროფესიული დღესასწაული ჭეშმარიტ სახალხო ზეიმად იქცევა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც შსს  ღონისძიებებს მართავს. 

კომენტარები