პოლიციელის დღე

ივანიშვილი პოლიციელებს: თქვენ ახერხებთ და იცავთ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, სამართალდამცველებს პოლიციელის დღე მიულოცა. ივანიშვილის განცხადებით, პოლიციელს ქვეყნის წინაშე უაღრესად რთული მისია აკისრია. 

"დღეს ჩვენ ქართული პოლიციის დღეს აღვნიშნავთ. ვულოცავ თითოეულ პოლიციელს და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. პოლიციელებს, ჩვენი ქვეყნის წინაშე უაღრესად რთული და საპატიო მისია გაკისრიათ. თქვენ ასრულებთ წესრიგის დაცვის უზრუნველყოფას. თქვენ ახერხებთ და იცავთ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. თქვენ ხართ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოების სადარაჯოზე და ხშირად ამ უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოების ფასად ახერხებთ. ამის კარგი მაგალითია გუშინწინ, თბილისში, ცენტრალურ მოედანზე განვითარებული მოვლენები, როდესაც თქვენ ღირსეულად მოახერხეთ და შექმენით გასასვლელი უმცირესობისთვის. უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ჩადექით და მაშინ, როდესაც ნახეთ, რომ სიტყვის თავისუფლების ნაცვლად პირველ ადგილზე გადავიდა ადამიანის უსაფრთხოების დაცვა და მაშინ, როდესაც არ მოხერხდა აჟიტირებული უმრავლესობის შეკავება, თქვენ სწორედ, რომ თქვენი სიცოცხლის უსაფრთხოების ფასად თქვენს თავზე აიღეთ ყველა სიმძიმე, მოახერხეთ და გაარიდეთ უმცირესობა საფრთხეს", - მიმართა პოლიციელებს ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა შს მინისტრს და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლე დროში დაამტკიცა, ”რომ შეუძლია რთული სტრუქტურის ღირსეულად მართვა”. 

"თქვენ გაქვთ ბედნიერება, რომ გყავთ ძალიან კარგი ხელმძღვანელი. ეს არის ძალიან წესიერი, მოწესრიგებული და ძალიან საიმედო კაცი. თქვენ გყავთ ხელმძღვანელი, რომელიც არასდროს გიღალატებთ და არასდროს მიგატოვებთ გასაჭირში. ამავე დროს, ის კიკ-ბოქსისტი გახლდათ, სპორტსმენია და ხელჩართული ჩხუბიც თუ დასჭირდება, იქაც არ დაიხევს უკან და იქაც წამოგეშველებათ", - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც შსს სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს. 

კომენტარები