ოკუპირებული აფხაზეთი

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გუდაუთის სამხედრო ბაზა მოინახულა

mil.ru

14 მაისს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და გუდაუთაში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა მოინახულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოიგუმ გუდაუთაში ყოფნის დროს განსაკუთრებული ყურადღება ბაზაზე სამხედროების საცხოვრებელ პირობებს დაუთმო. ასევე დაათვალიერა მშენებარე პარკირების ზონა, რომელიც "არსებული და ახალი სამხედრო ტექნიკის განთავსებისთვისაა გათვალისწინებული".
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აღინიშნოს საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის მიერ 2013 წლის 10 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიში.
მასში აღნიშნულია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა საშუალება მისცა რუსეთს, "კიდევ უფრო მეტად გაეფართოებინა ისედაც მნიშვნელოვანი სამხედრო წარმომადგენლობა".
საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად ჩადებული ინვესტიციები (ბოლო 4 წლის განმავლობაში 465 მილიონი აშშ დოლარი) "ნათელი ნიშანია იმისა, რომ მოსკოვი განუსაზღვრელი ვადით აპირებს აფხაზეთში დარჩენას".
ანგარიშში ასევე მოყვანილია უცხოელი სამხედრო ექსპერტების შეფასებები, რომელთა თანახმად, რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურას ოკუპირებულ აფხაზეთში 10 ათასამდე სამხედროს შენახვა შეუძლია.
საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი აცხადებს, რომ თუმცა რუსეთმა უსაფრთხოების კუთხით საკუთარი ყოფნა აფხაზეთში გააძლიერა, იგი "არ იყენებს სრულად თავის განახლებულ ინფრასტრუქტურას". ამის სავარაუდო მიზეზად, ანგარიშში მოყვანილია 2 ფაქტორი: რუსეთის სურვილი - არ იყოს აღქმული ოკუპანტ ძალად; ან/და ჩრდილოეთ კავკასიის მეამბოხეებთან ბრძოლა, რაც უზღუდავს რუსეთს შესაძლებლობას გამოიყენოს აფხაზეთში რესურსები. "ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთი ამას იმისთვის აკეთებდეს, რომ ღია დატოვოს კარი საქართველოსთან კომპრომისისთვის", - ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები