Battery Dance Company ამერიკული საბალეტო დასია. ცეკვავენ მოდერნ ბალეტს ჰიპ-ჰოპის და სხვა თანამედროვე ცეკვების ელემენტებით. დასს თითქმის ორმოცწლიანი ისტორია აქვს, მისი წევრები წარმოშობით სხვადასხვა კონტინენტებიდან არიან და ერთი კოსმოპოლიტური ქალაქი, ნიუ იორკი აერთიანებთ.
„ცეკვა აკავშირებს" სოციალური პროექტია, რომელიც დასმა ორმოცზე მეტ ქვეყანაში განახორციელა და მასში მონაწილეობის საშუალება ათასობით მოხალისესა თუ პროფესიონალს მიეცა. ამერიკული დასის მისია ცეკვის გავრცელება და კრეატიული გარემოს შექმნაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.
აშშ-ის საელჩოს ინიციატივით, მარტის ბოლოს დასი ამავე პროექტით თბილისს ეწვია. პროგრამის ფარგლებში შეირჩა ხუთი ქართული პროფესიონალური და სამოყვარულო ანსამბლი, რომელთანაც ამერიკული კომპანიის წევრებმა ხუთი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავეს იმ კულტურათა დამაკავშირებელი ცეკვის შესაქმნელად, რომლის ნახვის საშუალებაც, შემაჯამებელი წარმოდგენის სახით, ქართველ მაყურებელს 5 აპრილს, გრიბოედოვის თეატრში მიეცა.
დასკვნითი სპექტაკლი ორ ნაწილად გაიმართა: მეორე ნაწილში თავად Battery-ს დასის ხუთმა წევრმა წარმოგვიდგინა მინიატურები. მათ ცეკვაში ჩანს განსწავლულობა და იმ კულტურების გავლენა, რომელიც შეერთებულ შტატებში სხვადასხვა ერებმა შეიტანეს. სპექტაკლში Battery-ს მოცეკვავეებმა საკუთარი ემოციები არა მხოლოდ სხეულის ენით, არამედ სიმღერითაც გამოხატეს. მათი გამოსვლები უფრო არტპერფორმანსებს წარმოადგენს, ვიდრე წმინდა საცეკვაო ნომრებს და მიუხედავად იმისა, რომ დასის წევრების ფიზიკური მომზადების დონე მაღალია, ალბათ ზედმეტი იქნება, მათ შესრულებაში განსაკუთრებული ქორეოგრაფიული მიგნებები ვეძიოთ.
წარმოდგენის მთავარი არსიც ხომ სწორედ ეს იყო, საკუთარი ემოციების გამოხატვა სხეულის ენით, რომელსაც ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ლინგვისტიკური მახასიათებელი და აქცენტი აქვს. ბუნებრივია, ერთკვირიანი მუშაობის შედეგად, ახალს ბევრს ვერაფერს ისწავლი – მთავარი, რაც ამ ადამიანებმა ამერიკული დასის წევრებისგან მიიღეს, შინაგანი თავისუფლების საკუთარივე ენით გამოხატვის შესაძლებლობა იყო. ამიტომაც, წარმოდგენის ქართველი მონაწილეები ქართულად, ტრადიციული ილეთებით ცეკვავდნენ ამერიკული ელექტრონული მუსიკის, ზოგჯერ ქართული სიმღერების ფონზეც და იყენებდნენ ვორქშოფებზე ნასწავლ ახალ მოძრაობებს, რომლებშიც ასევე შეინიშნებოდა მშობლიური აქცენტი.
მქუხარე და უადგილო ტაში, ხმამაღალი შეძახილები, ფლაიერების ცვენა ზედა იარუსებიდან და სტვენა მთელ წარმოდგენას გასდევდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფორმით მოწონების გამოხატვა, რბილად რომ ვთქვათ, თეატრში მიუღებელია, განსხვავებით რიგითი სპექტაკლების „დარღვევებისგან", დარბაზის იმდღევანდელი აქტიურობა სულაც არ იყო გამაღიზიანებელი, რადგან ეს ემოციები ეკუთვნოდათ ადამიანებს, რომლებიც პირველად ჩამოვიდნენ რეგიონებიდან, მოვიდნენ შორი გარეუბნებიდან იმ მეგობრების საგულშემატკივროდ, რომლებიც ასევე პირველად იდგნენ დიდ სცენაზე და, რაც მთავარია, მათ ეს წრფელად და მთელი გულით ახარებდათ.