ფარული ჩანაწერი

გია ხუხაშვილი: გამოძიებულ უნდა იქნას ჩემი შემხებლობა ფარესიშვილის ჩანაწერთან

გია ხუხაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული ისტორიის სრულფასოვან გამოძიებას მოითხოვს.

"ვიზიარებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების პათოსს და მოვითხოვ მთელი ამ ისტორიის სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას. გამოძიებულ უნდა იქნას, როგორც ჩემი შემხებლობა ამ ბინძური ჩანაწერის გავრცელებასთან, ასევე ყველა იმ და სხვა ბრალდების გარემოებები, რომელიც ისმოდა ჩემი მისამართით მთელი ამ კამპანიის განმავლობაში. გამოძიებულ უნდა იქნას ჩემი მხრიდან ბიზნესთან შესაძლო გარიგებების და მასზე ზეწოლის ყველა ფაქტი, რაზეც იყო საუბარი ამ ხნის განმავლობაში და შესაძლოა, იყოს მომავალშიც. ვსაუბრობ ბიზნესზე და არა სახელისუფლებო ბერკეტების ბოროტად გამოყენებით, სახელმწიფო რესურსების პირადი ან პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მითვისებაზე. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ, რამდენადაც არ უნდა აწუხებდეს ეს ნაციონალურ მოძრაობას, თუ სხვა ინტერესჯგუფებს. ბოდიშს მოვუხდი ყველა ჟურნალისტს, მაგრამ ამ მომენტიდან გამოძიების დასრულებამდე თავს შევიკავებ საკითხის კომენტირებისგან, რათა ეს არ იყოს აღქმული გამოძიებაზე ზეწოლად, ჩემი "ლეგენდარული" შესაძლებლობებიდან გამომდინარე", - აცხადებს ხუხაშვილი.

დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დაკავებას გამოეხმაურა ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი. "გელა ხვედელიძის დაკავება ესაა სამართლიანობის გამარჯვების დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაირკვევა. მოვითხოვ, ლაშა ნაცვლიშვილმა გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ლაშა ნაცვლიშვილიც უნდა მიჰყვეს გელა ხვედელიძეს. ეს იქნება სამართლიანობის ზეიმის მეორე ეტაპი", - აცხადებს ფარესიშვილი რუსთავი 2-თან საუბარში. მისი თქმით, მასალებს გია ხუხაშვილის, გელა ხვედელიძისა და ლაშა ნაცვლიშვილის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, გამოძიებას გადასცემს. 

კომენტარები