გამოცემა იზვესტია

იზვესტია: ტამერლან ცარნაევი საქართველოს სპეცსამსახურების სემინარებს ესწრებოდა

ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული ტამერლან ცარნაევი საქართველოში სემინარებში მონაწილეობდა, რომელსაც საქართველოს სპეცსამახურები აწყობდნენ ჩრდილოკავკასიელების გადმობირების მიზნით. ამის შესახებ წერს რუსული გამოცემა იზვესტია. გამოცემა ირწმუნება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტები ხელში ჩაუვარდა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკის, გრიგოლ ჭანტურიას ანგარიშის თანახმად, რომელიც მან შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა, კავკასიური ფონდი ჯეიმსთაუნის ფონდთან ერთად 2012 წელს ატარებდა ღონისძიებებს და სემინარებს კავკასიის, მათ შორის მისი რუსული ნაწილის ახალგაზრდა მცხოვრებლებისთვის. რამდენიმე სემინარში მონაწილეობდა ტამერლან ცარნაევიც, რომელიც 2012 წლის ივლისიდან რუსეთში იმყოფებოდა", - წერს იზვესტია.

რუსული გამოცემის ცნობით, საქართველოს შსს-ს დოკუმენტში ნათქვამია, რომ კავკასიის ფონდი 2008 წლის 7 ნოემბერს "ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესების გასაკონტროლებლად" შეიქმნა და მის ძირითად ამოცანას "რუსეთის სამხრეთ რეგიონებში არასტაბილურობისა და ექსტრემისტული განწყობების გასაძლიერებლად ჩრდილო კავკასიის ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის გადაბირება" წარმოადგენდა.

ტაბულამ კომენტარისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყება კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი რუსული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს. 

"ეს განცხადებები ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, როდესაც ქვეყნის შიგნით, მათ შორის სახალხო დამცველის ინსტიტუტის გამოყენებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ხელაღებით ხდება ინფორმაციის გაჟღერება, რომ საქართველო იყო ტერორისტების ბუდე", - აცხადებს დარჩიაშვილი. 

 

 

კომენტარები