საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი: ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ნუ ეთამაშებით

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. 

პრეზიდენტის თქმით, პრემიერმინისტრმა თქვა, რომ "კოსოვომ არ დაუშვა ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი თავის ტერიტორიაზე, აფხაზეთი და ცხინვალი არ უშვებს დამკვირვებლებს" და ამიტომ გაუჭირდებათ მათ წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში". მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის მსგავსი პარალელების გავლება და იმის თქმა, რომ განსხვავება მხოლოდ ესაა, დაუშვებელია.

"მე მინდა შევახსენო საქართველოს პრემიერმინისტრს, რომ კოსოვო და აფხაზეთი განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. ასეთი შედარებები შეიძლება გააკეთოს მხოლოდ რუსმა მოღვაწემ და არა რომელიმე საღად მოაზროვნე ევროპელმა პოლიტიკოსმა, მით უმეტეს ქართველმა პოლიტიკოსმა. ამ სტილის პარალელების გავლებაც კი, არის სამართლებლივად მიუღებელი და პოლიტიკურ-სამართლებრივი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, "ტერიტორიული საკითხებით თამაშით", შესაძლოა ისეთი რამ გაფუჭდეს, რაც მომავალში ვეღარ გამოსწორდება.

"როდესაც ჩვენი არაკეთილმოსურნე დეპუტატი გეკითხება იმაზე, რომ საქართველომ ჩაიდინა აგრესია აფხაზებისა და ოსების მიმართ, ამას საქართველოს ლიდერი არ უნდა პასუხობდეს იმით, რომ ჩვენ მართლაც ბევრი შეცდომები დავუშვით გასულ წლებში. ეს არ არის ის პასუხი, რომლის მოსმენაც ჩვენგან უნდა მსოფლიოს. მაშინ ჩვენ ვინღა დაგვიცავს, თუ ჩვენ თვითონ არ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს. ვინ ამოიღებს ხმას, ვინ რატომ ჩამოვა აქ და დადგება ჩვენ გვერდით, ვინ გადაარჩენს ჩვენს დამოუკიდებლობას. ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს ნუ ეთამაშებით, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მომავლის საკითხი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები