„გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით, არის სიმართლის გზა. დღეს საქართველო ნამდვილად უკეთესია, ვიდრე იყო 2004 წელს, როდესაც ჩვენ ის ერთად ჩავიბარეთ. აქ იმიტომ მოვედით, რომ გვინდა, ის კიდევ უკეთესი იყოს და არ გაჩერდეს, არ ტკეპნოს ერთი ადგილი. ჩვენ ბევრი დრო დავკარგეთ და არ გვაქვს უკან დახევისა და შეჩერების ფუფუნება. დღეს კიდევ უფრო რთული ამოცანა გვაქვს, ვიდრე მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაში გვქონდა. ეს ცხრა წელიწადი რთული წლები იყო. ჩვენ ერთად გამოვიარეთ ბევრი ჭირ-ვარამი, ბევრ რამეს მივაღწიეთ, ბევრ რამეშიც შეიძლება შეცდომა დავუშვით და ძალიან კარგი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გამოგვაფხიზლა და გვითხრა, რომ ბევრი ადამიანის ადგილი არ იყო ჩვენ გვერდზე – იმ მედროვეების, იმ საშოვარზე მოსული ხალხის, რომელიც ასევე საშოვარზე გადაიბარა ქართულმა ოცნებამ, ღმერთმა შეარგოს ეს ხალხი მათ...
სამწუხაროდ, ჩვენმა წინამორბედმა – ოპოზიციამ, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია – დაგვიტოვა ოპოზიციის ნულოვანი სტანდარტი. დღეს ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად უჭირს, ვიდრე ხელისუფლებას, რომელსაც ჩვენ უნდა გავუვლოთ წითელი ხაზები და ვუთხრათ, რომ მათ არ გადავიდეს. ასევე ვუთხრათ, რომ ჩვენ არასდროს გადავალთ იმ წითელ ხაზებს. იმიტომ, რომ ეს წითელი ხაზები ჩვენი ქვეყნის ინტერესებია, რომელსაც ერთად უნდა ვემსახუროთ”.
ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა. 19 აპრილი
ფოტო: ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა
ჩვენ დაგიდგებით ყველა კარგ საქმეში. ძალიან გაგიღიმათ ბედმა, არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ დაგიტოვეთ ძალიან მაგარი შენობები, სადაც თქვენ ზიხართ, კომფორტული კაბინეტები, მაგარი პოლიციის სამსახურები, მაგარი ინფრასტრუქტურა, გზები, მილიარდობით ლარი, მათ შორის იმ პროგრამებისთვის, რომელსაც ახლა ახორციელებთ, მთავარი თქვენი ბედი არის იმაში, რომ როდესაც ჩვენი მთავრობა იყო, ჩვენი ოპოზიცია იდგა მოღალატეობის პოზიციაზე, დილას იღვიძებდა იმით, თუ როგორ მიყიდოდა მტერს, როგორ წასულიყო კრემლში, როგორ ჩაებარებინა აღლუმი პუტინთან ერთად და თქვენ გყავთ ოპოზიცია, რომელსაც უყვარს ქვეყანა... და ჩვენ არ მოგცემთ თქვენ იმის საშუალებას, რომ თქვენ უღალატოთ ქვეყანას და ჩააბაროთ ქვეყნის მტერს...
მთავრობამ თქვა, რომ ჩვენი ოპოზიცია უნდა იყოს ნინო ბურჯანაძე, პუტინის მეგობარი. იმიტომ, რომ მომავალში ხალხს ჰქონდეს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ან კრემლის მეგობარი ბურჯანაძე, ანდა კრემლის ნახევრად მეგობარი მთავრობა. მინდა ყველას ვუთხრა, ამ არჩევანს გააკეთებს არა მოღალატეებსა და ნახევრად მოღალატეებს შორის, არამედ საქართველოს პატრიოტებსა და კიდევ უფრო პატრიოტებს შორის...
საქართველოს იდეა დიდი იდეაა. საქართველო შედგება ბევრი ამაყი და ღირსეული სოფლისგან, მაგრამ საქართველო არ არის პატარა სოფელი. საქართველო არის ძალიან დიდი ქვეყანა! და მინდა ვუთხრა ყველას, საქართველოს სიამაყით შესცქერის მთელი მსოფლიო, ჩვენ მოგვბაძა უკრაინამ, ბალტიის ქვეყნებმა, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებმა. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელიც შევიდა მსოფლიოს არაკორუმპირებული და წარმატებული ქვეყნების ათეულში, პირველი ქვეყანა, რომელმაც შეძლო დანაშაულის დამარცხება. ვიყავით ქვეყანა, რომელსაც შენატროდნენ და დღესაც შენატრიან და არ ვიქნებით ისტორიაში პირველი ქვეყანა, რომელიც გაასამართლებს იმ ხალხს, ვინც ბრძოლის მდგომარეობაში იმყოფება ახლა ქვეყნის დამპყრობლებთან”.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 19 აპრილი
„პირველ გამარჯვებას უკვე მივაღწიეთ და ჯერ კიდევ ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი. სამწუხაროა, რომ მთავრობაში ყოფნის დროს ბევრი რამე ვერ მოვასწარით. ჩვენი დამარცხების ექვსი თვის თავზე ბევრი ვიფიქრე, ბევრ ადამიანს შევხვდი, ბევრი რეგიონი მოვიარე და მივხვდი, რომ მთავარი, რაც ვერ მოვასწარით, ისაა, რომ თითოეულ ოჯახში ვერ შევიტანეთ ის, რასაც წლების განმავლობაში ვაკეთებდით. ჩვენ შევქმენით ერთი დიდი რამ: ახალი სახელმწიფო, მაგრამ სამწუხაროდ ეს სახელმწიფო ბევრი საქართველოს მოქალაქის ოჯახში ვერ შევიდა. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დავტოვეთ და მოსაგვარებელია, არის დასაქმება და უმუშევრობა...
დღეიდან მე გაძლევთ გარანტიას, რომ ნაციონალური მოძრაობის და ჩვენი პარტიის, მისი მთავარი ამოცანა იქნება, ყველა საქართველოს მოქალაქეს შეუნარჩუნოს სამსახური და მომავალში გააკეთოს ყველაფერი, რომ აიძულოს დღევანდელი ხელისუფლება, რომ საქართველოში შექმნას სამუშაო ადგილები და თუ ის ამას არ გააკეთებს, მაშინ ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას და ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენი მთავარი ამოცანა გახდება, საქართველოში არ იყოს არცერთი ადამიანი უმუშევარი”.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. 19 აპრილი
ფოტო: Reuters
მინდა მივმართო ყველა ამ ადამიანს, რომელიც შეწუხებული და იმედგაცრუებულია იმით, რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ მეორე მხრივ ყოყმანობს – აბა, რა ვქნათ, დაბრუნდეს თუ არ დაბრუნდეს ისევ ნაციონალური მოძრაობა, როგორ მოვიქცეთ? არ მომწონს ეს მთავრობა, მაგრამ ისევ ძველს დავუჭირო მხარი? – მინდა ყველა ამ ადამიანს მივმართო და ვუთხრა: დიახ, მხარი უნდა დაუჭიროთ იმიტომ, რომ დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა არის სხვა პარტია, განახლებული ენერგიით, განახლებული სისხლით, განახლებული ხედვით, განახლებული და შეცდომებზე ნასწავლი და მიღებული გამოცდილებით”.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე. 19 აპრილი
„ილია ჭავჭავაძემ სამი რამ შეუყენა ფუძედ ჩვენს თვითმყოფადობას – მამული, ენა, სარწმუნოება. არცერთ ჩვენს დამპყრობელს – არც არაბს, არც სპარსს, არც ოსმალოს, არც მონღოლს არ წაურთმევია ჩვენთვის მამული ბოლომდე, იმიტომ რომ არ გაუუქმებია ბაგრატოვანთა დინასტია და არ გაუუქმებია სახელმწიფო და ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. არცერთ ჩვენს დამპყრობს არ შეურაცხუყვია ქართული ენა, ეს მხოლოდ რუსეთის იმპერიამ გააკეთა და ქართულ ენას ძაღლების ენა უწოდა...
მე ვთხოვ ჩვენს საერო თუ სასულიერო ლიდერებს, რაც არ უნდა დიდი ავტორიტეტის იყვნენ ისინი, როდესაც გვეუბნებიან, რომ ჩვენი ერთადერთი ფიზიკური და სულიერი მოძმე ერი რუსი ერია, ისინი ცდებიან და ნუ შეიყვანენ ერს შეცდომაში. კარგად გაიხსენონ გაგრაში, სოხუმში, ცხინვალში, ღორების და ძაღლების საჯიჯგნად მიყრილი ქართველი ბიჭების გვამები. ჩვენი ადგილი არ არის იქ, საითაც ქართულ ოცნებას მივყავართ. ეს არის ძალა, რომელიც ნელ-ნელა გვაპარებს ანტიევროპულ და პრორუსულ ბაცილას”.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი აკაკი ბობოხიძე. 19 აპრილი
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა
თქვენ შეიძლება შეშფოთებული იყოთ, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერს სძულს შენება, შემაშფოთებელია, როცა დასავლეთში მეგობრებს სწერ საგინებელ სიტყვებს, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. არსებობს უპატიებელი შეცდომებიც და ასეთია ის, როცა ხელისუფლება საკუთარ ხალხს ადანაშაულებს ომის დაწყებაში. ესაა სწორედ უპატიებელი შეცდომა, წითელი ხაზი, რომელიც არცერთმა ხელისუფლებამ არ უნდა გადაკვეთოს. უპატიებელი შეცდომაა, როცა მსხვერპლს ამტყუნებ, თავდამსხმელს ამართლებ. ეს პარადოქსულია, ეს შეუძლებელია. ამას მხოლოდ ნაცისტები აკეთებდნენ”.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სერგო რატიანი. 19 აპრილი
„ახალი ეროვნული მოძრაობა დაფუძნებულია სამ მნიშვნელოვან პრინციპზე. ეს არის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება, ეს არის პიროვნული და ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება და, რაც მთავარია, ეს არის გლობალურ სამყაროში საქართველოს ფუნქციის სრულიად ახლებური გააზრება. აი, ეს არის ჩვენი შეკრების მიზანი დღევანდელ დღეს”.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი ვაშაძე. 19 აპრილი