ციხისძირის ინციდენტი

ციხისძირის ინციდენტში მონაწილე ორ პირს გირაო, ხოლო ერთს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მომხდარ ინციდენტში მონაწილე სამხედრო პოლიციის ორ თანამშრომელს, 15 000 ლარიანი გირაო, ხოლო მიმალვაში მყოფ ონისე ხუბულავას პატიმრობა შეეფარდა.  დაკავებულებს გირაოს გადახდის ვადად 15 დღე განესაზღვრათ.

შეგახსენებთ, ციხისძირში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოძიება ფიზიკური დაზიანების ფაქტზე დაიწყო. 

’’გამოძიებით გაირკვა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა აღნიშნულმა პირებმა, ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში მოქალაქეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და რამდენჯერმე უკანონოდ გაისროლეს. ხუბულავამ, გვილიამ და მამფორიამ ციხისძირის მკვიდრებს მიხეილ დიასამიძეს და ამირან დოლიძეს მოსთხოვეს ეჩვენებინათ ჯვარი, რაზეც უარი მიიღეს. გაღიზიანებულებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შეშინებული მოქალაქეები გაიქცნენ, რა დროსაც სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს. ონისე ხუბულავამ ციხისძირის მკვიდრ მევლუდ დავითაძეს იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელს თან პირადობის მოწმობა არ ჰქონდა, შეურაცხყოფა მიაყენა და პისტოლეტის კონდახი ჩაარტყა თავში, ხოლო წაქცეულ დავითაძეს ცემა დაუწყო. მოგვიანებით, ციხისძირის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პაატა გვილიამ, მალხაზ მამფორიამ და ონისე ხუბულავამ რამდენიმე ავტომანქანა გააჩერეს, მოითხოვეს საბუთები და გაჩხრიკეს ისინი, შეამოწმეს საბარგულები. მოქალაქეებს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. უწოდეს მათ "თათრები" და ჯვრის ჩვენებას სთხოვდნენ. ხუბულავამ ერთ-ერთ მოქალაქეს კისერთან პისტოლეტი მიადო და შუბლის გახვრეტით დაემუქრა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ციხისძირში მომხდარი ინცინდენტის გამო, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სენაკის სამხედრო პოლიციის უფროსი და ინციდენტის მონაწილე რამდენიმე სამხედრო პირი სამსახურიდან დაითხოვა.

კომენტარები