თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო გიორგი კანდელაკის განცხადებას ეხმაურება

თავდაცვის სამინისტრო, დეპუტატ გიორგი კანდელაკის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირინა იმერლიშვილის მეუღლე, შპს Foodline Georgia-ს დირექტორად დაინიშნა და 32-მილიონიანი სახელმწიფო ტენდერი მოიგო. 
აღნიშნულთან დაკავშრებით, თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც ტაბულა უცვლელად გთავაზობთ.
„გუშინ, 18 აპრილს გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ 34-მილიონლარიან ტენდერში კომპანია Foodline Georgia-მ გაიმარჯვა. ეს ტენდერი ჯერ არ დასრულებულა და გამარჯვებული გამოვლენილი არ არის, თუმცა აღნიშნული კომპანია, მოთხოვნილი საბუთების დაგვიანებით წარმოდგენის გამო, 17 აპრილს მოიხსნა ტენდერიდან. წერილი დისკვალიფიკაციის შესახებ და ზოგადად, ამ და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ყველა სხვა ღია ტენდერთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, განთავსებულია კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. რაც შეხება მეორე ტენდერს, რომელიც ეხება კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონების კვებას, კომპანია Foodline Georgia, დღეის მონაცემებით, მეორე ეტაპზეა გადასული და მოეთხოვება დაზუსტებული დოკუმენტაციის 19 აპრილამდე წარმოდგენა", -ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა, გუშინდელ პრესკონფერენციაზე, ხელისუფლებაში არსებულ ელიტურ კორუფციაზე ისაუბრა. 
"ტენდერი თავდაცვის სამინისტროს საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას ეხება. აქ მხოლოდ ერთ ლოტზე, თბილისზეა საუბარი და მისი ღირებულება 32 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ იგივე კომპანია ცდილობს კახეთის ლოტზე გამარჯვებული ფირმა ჩამოაშოროს კონტრაქტს. ეს არის ელიტური კორუფციის სერიოზული ნიშნების შემცველი ფაქტი და ამ ფაქტს პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ", - განაცხადა კანდელაკმა.
კანდელაკის ბრალდებას ირინა იმერლიშვილმა უპასუხა. პარლამენტარმა დაადასტურა თავისი ქმრის ტენდერში გამარჯვება და განაცხადა, რომ მისი მეუღლე წარმატებული მენეჯერია და სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო დაწესებულებებში, მათ შორის - შემოსავლების სამსახურში აქციზური სამსახურის უფროსად და თბილისის მერიაში კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად. 
 

კომენტარები