შსს

შსს გიგი უგულავას საკოორდინაციო ჯგუფის შექმნას სთავაზობს

19 აპრილის აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის მერს გიგი უგულავას და მანიფესტაციის ორგანიზატორებს საკოორდინაციო ჯგუფის შექმნას სთავაზობს. 
"საკოორდინაციო ჯგუფის უმთავრესი ამოცანა იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და კანონით გათვალისწინებული მოქმედებების კოორდინირებულად განხორციელება, მათ შორის, მიზანმიმართული პროვოკაციებისაგან თავის დაზღვევის მიზნით, რისკფაქტორების განსაზღვრა და ეფექტიანი პრევენციული მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს მანიფესტანტების, მათ შორის, იმ პირების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელიც შეიძლება საჭიროებდეს სახელმწიფოს მხრიდან დაცვას", - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სამუშაო შეხვედრაზე სამართალდამცავები ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც იწვევენ.
შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე ჭიკაიძემ წერილობით უკვე მიმართა თბილისის მერს გიგი უგულავას, რათა 17 აპრილამდე შეიქმნას ერთობლივი საკოორდინაციო ჯგუფი.

კომენტარები