დიდი ბრიტანეთი

ბრიტანელი მემარცხენეები ტეტჩერის გარდაცვალებას აღნიშნავენ

სიმღერა, სახელად „დინ-დონ, კუდიანი მკვდარია“ (Ding Dong the Witch is Dead) რომელიც 1939 წელს გადაღებულ ფილმში `ოზის ჯადოქარი` ჟღერდა, ბოლო დღეებში ბრიტანული ჩარტების სათავეებში მოექცა, მათ შორის Amazon-ის და iTunes-ის ჰიტ-პარადებში. ეს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის სიკვდილზე მემარცხენე შეხედულებების მქონე ბრიტანელების რეაქციის შედეგად მოხდა. სიმღერის პოპულარობას ხელი სოციალურ ქსელებში ტეტჩერის წინააღმდეგ წამოწყებულმა კამპანიამ შეუწყო.

სიმღერა ასევე ძალიან პოპულარული გახდა 1992 წელს, როდესაც მარგარეტ ტეტჩერმა თანამდებობა დატოვა. 8 აპრილის შემდეგ კი აღნიშნული სიმღერის 20 000 ასლი გაიყიდა.

ქვეყნის მასშტაბით ანარქისტულმა ჯგუფებმა რამდენიმე აქციაც მოაწყვეს - ე.წ. ქუჩის წვეულებები ტეტჩერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ტეტჩერის პოლიტიკის მხარდამჭერებმა კამპანია მკაცრად გააკრიტიკეს.  Sex Pistols-ის ჯონ ლაიდონმა ასევე ამაზრზენი უწოდა ბოლო დღეებში გამართულ აქციებს. „მისი პოლიტიკა ნამდვილად საშინელი იყო და მას ბევრი უსიამოვნო შედეგი მოჰყვა, მაგრამ ყველა ამ საზეიმო წვეულებაში კარგი არაფერია. მის საფლავზე ცეკვას არ ვაპირებ. ის მთელი ცხოვრება ჩემი მტერი იყო, მაგრამ სიკვდილის შემდეგ აღარ არის. მე არ ვარ მშიშარა“, - განაცხადა ლაიდონმა The Daily Mail-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები