საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: რუსეთს ოკუპაციის შენარჩუნება მხოლოდ ქართველების ხელით შეუძლია

პოლონეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამჴძოებსი თაობაზე საკუთარი პოზიცია განმარტა.

„ყველა შევეჩვიეთ იმას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს რაღაც უცნაურს და ხშირად აბსოლუტურად მიუღებელს და შემდეგ სხდებიან ღამით, ალბათ მისი მრჩევლები და რამდენიმე გვერდიან განმარტებას მოაყოლებენ იმას, თუ რას გულისხმობდა ბატონი პრემიერ-მინისტრი“, - განცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„მაგრამ ეს არ არის საბავშვო ბაღი, ის, რაც მან ორი დღის წინ თქვა, ეს იყო საქართველოს სუვერენიტეტის ფუნდამენტური საკითხების გადახედვა. და ეს არ არის ოპოზიციის ლიდერი, ის არ არის მხოლოდ ბიზნესმენი რუსეთში ნაშოვნი მილიარდებით,ის ახლა არის საქართველოს ოფიციალური პირი და მან განაცხადა ზუსტად ის, რასაც აცხადებდა მთელი ეს წლები რუსეთი.

რუსეთს არასდროს უთქვამს, რომ მან არ გადმოკვეთა საქართველოს საზღვრები. რუსეთი ამბობდა, "მე გადავკვეთე საქართველოს საზღვრები, მას შემდეგ რაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა იმოქმედეს", მსურს ეს ყველას შევახსენო. ყველამ, დაწყებული ტალიავინის კომისიიდან, დამთავრებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციით, თქვა, რომ რუსეთი უკვე შემოსული იყო და შემდეგ საქართველო იძულებული იყო, რომ ეპასუხა და ყველამ გამოაცხადა ოკუპანტად და აგრესორად. ასე რომ პრემიერმა პირველმა, გარდა უგო ჩავესისა, პუტინისა, მედვედევისა და რუსი ოფიციალური პირებისა, კიდევ ერთმა თანამდებობის პირმა მსოფლიოში დაადასტურა ის, რასაც ამ წლების განმავლობაში რუსები ამბობენ.

თავს ხომ არ გავისულელებთ? ბოლო 48 საათის განმავლობაში, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს აქვთ ღრიანცელი, აჟიოტაჟი და ნამდვილი ზეიმი გამართული, რომ საქართველომ ეს აღიარა. ახლა კი გინდა განმარტებები მიეცი, გინდა ორმოცდაათ გვერდიანი ბოდიშები. სიტყვა უკვე თქვი და ეს სიტყვა უკვე მოედო მთელ მსოფლიოს. პოლონეთში ნამდვილი გაუგებრობა, მხრების აჩეჩვა და სკანდალია ამ თემაზე.

საქართველომ იმ ომში შეძლო მთავარი რაღაცის გადარჩენა, დღესაც თქვენ ნახეთ, რომ კაჩინსკის ძმა ყვებოდა, თუ როგორ მოდიოდნენ რუსები თბილისისკენ, ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა. მართალია, რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია, კიდევ დამატებით იმ ტერიტორიებისა, რასაც აკონტროლებდა, მაგრამ ჩვენ გადავარჩინეთ მთავარი რამ, რისთვისაც მოდიოდა რუსეთი.

დღეს რუსეთს შანსი არა აქვს ამის შენარჩუნების, თუ არა ქართველების ხელით და სწორედ აქ არის დამარხული ძაღლის თავი. ამ წლების განმავლობაში, რუსები ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვდნენ ამ ომზე და საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაში მიცემას. ამ პერიოდის განმავლობაში სწორედ ეს იყო რუსეთის მთავარი მოთხოვნა.

დღეს ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ნახევარი მილიონი ჩვენი თანამემამულე ვერ ბრუნდება სახლებში. მე მსურს ვიკითხო, აი, ამ სიტუაციაში, როცა მთელმა მსოფლიომ დაადგინა, რეზოლუციები მიიღო, დეკლარაციები გამოაქვეყნა, საერთაშორისო კანონებში ჩაწერა, რა ფუნქციას ემსახურება იმ გამოძიების დაწყება, რომელსაც ითხოვდა, რეალურად მხოლოდ ერთი სუბიექტი, რუსეთის ფედერაცია. რა შედეგი უნდა მოიტანოს ამან? წყალსაც წავუღივარ მეც და საქართველოს სხვა ხელმძღვანელობა, ეს ხომ საქართველოს სუვერენიტეტს დაარტყამს პირდაპირ, უკანმოუხედავად და ჩვენ მართლაც მივიღებთ იმას, რასაც რუსეთმა ვერ მიაღწია ემბარგოებით, სხვადასხვა პროვოკაციებით, საბოლოო ჯამში, ომით, საქართველოს ოკუპაციის იურიდიულ დაკანონებას. ამას ვერასდროს ვერ მიაღწევს, თუ ამას ქართველების ხელით არ გააკეთებს.

ეს არის თავიდან ბოლომდე რუსული თამაში. მე რა თქმა უნდა არ მივიღებ მონაწილეობას ასეთ გამოძიებაში, მე ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ისტორიის, ქართველი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რომ ვერცერთი ქართველი პატრიოტი ვერ მიიღებს მონაწილეობას ასეთ გამოძიებაში. ეს გამოძიება არის რუსული თამაში, რუსეთის დაკრულზე ცეკვა, ეს არის ეტყობა, ის რაღაც გარიგება, რაზეც ალბათ საუბარი იყო, მე არ ვიცი და დეტალებზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვხედავ იმას, რომ აკეთებენ რუსეთის საქმეს ტავიანთი ხელით. ის, რაც მათ 2008 წელს ვერ გააკეთეს ამ ყველაფრით, ახლა სურთ, რომ გააკეთონ ქართველების ხელით.

ამიტომ, ვისაც საქართველო უყვარს, ამას არ გაეკარება სათოფეზე და უფრო მეტიც, ყველა პასუხს აგებს სამომავლოდ, ვინც ამას გააკეთებს. იმიტომ, რომ საქართველო გადარჩება, საქართველო გაძლიერდება, საქართველო მოახდენს დეოკუპაციას და საქართველო გათავისუფლდება და ყველას მიუჩენს თავის ადგილს. საქართველოს ვერავინ ვერ ჩამოწევს და ვერ გაწევს რუკიდან, იმიტომ, რომ ჩვენ იმდენი ვიმუშავეთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ ჩვენ დავმკვიდრდით მსოფლიო რუქაზე.

მთავრობები მიდიან და მოდიან, შეიძლება ბევრი რამ დააშავონ, მაგრამ ხელები შორს მთავარი საკითხებიდან: ჩვენი თავისუფლება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამ საკითხებზე ჩვენი ბრძოლა იქნება სრულიად უკომპრომისო და ჩვენ წავალთ ბოლომდე, მე წავალ ბოლომდე, იმიტომ, რომ ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის საქართველოს და ნამდვილად არ ვაპირებ, რომ პუტინმა გამარჯვება მოიპოვოს საქართველოში, რომელიც ჩვენ შევაჩერეთ, მათ შორის ჩვენი ბიჭების სისხლის ფასად 2008 წელს!", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კომენტარები