საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვია.

მიხეილ სააკაშვილი, პოლონეთის პრეზიდენტს, ბრონისლავ კომოროვსკის შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება ევროპის კოლეჯის სტუდენტებს და სიტყვით გამოვა. გარდა ამისა პრეზიდენტი, ევროპის კოლეჯში, საქართველოს ეროვნული დღის პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომელიც პოლონეთიდან ახლახან დაბრუნდა, პოლონურ მხარეს სთხოვა, ''ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი მათ ქვეყანაში იქნება, მის ჯანმრთელობას განსაკუთრებით გაუფრთხილდნენ''.

"ცუდია, რომ პრეზიდენტს გარკვეული პრობლემები შეექმნა, მაგრამ კარგი ამბავია, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არაფერია. გუშინ პარლამენტის დელეგაცია პოლონეთიდან დაბრუნდა და დღეს პოლონეთში პრეზიდენტი უნდა ჩაბრძანებულიყო. მე ჩვენს პოლონელ მეგობრებს ვთხოვე, რომ მის ჯანმრთელობას განსაკუთრებულად გაუფრთხილდნენ, სანამ იქ იქნებოდა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მან კომენტარი პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით მისვლის შესახებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ''არავითარი ბარიერი არ არსებობს''. 

"როგორც კი საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, პარლამენტის ტრიბუნიდან განვაცხადე, რომ ამ წუთიდან პარლამენტში პრეზიდენტის მისვლის საკითხზე ყველანაირი ბარიერი მოხსნილი იყო. მათ ვთხოვე, რომ კონკრეტული დეტალების შესათანხმებლად დაგვკავშირებოდნენ. დღემდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა, თუკი გამოხმაურებას ადგილი ექნება, მზად ვართ დეტალები სამუშაო რეჟიმში განვიხილოთ. პრეზიდენტს შევპირდი, რომ ქუთაისში ვუმასპინძლებთ, პარლამენტი მზად არის პრეზიდენტს შეხვდეს და მოუსმინოს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები