განათლების მინისტრი

მარგველაშვილი: თუ გამომცემლებს სასამართლოში სარჩელის შეტანა სურთ, შეუძლიათ შეიტანონ

განთლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ზვიად ძიძიგურთან ერთად, რუსთავის 21-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა.

მინისტრმა უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ''მხოლოდ 10 მილიონი ლარია საჭირო იმისათვის, რომ სასკოლო წიგნები დაიბეჭდოს და უფასოდ დაურიგდეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს''.

გიორგი მარგველაშვილი გამომცემლების განცხადებას გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტრო მათი გვერდის ავლით ხვდება ავტორებს და განაცხადა, რომ თუ გამომცემლებს სასამართლოში სარჩელის შეტანა სურთ, შეუძლიათ შეიტანონ.

''გვერდის ავლით რა, ცოლ-ქმარი არიან და მათი გვერდის ავლით ვხვდები თუ რაშია საქმე? მათ იციან, რომ შეხვედრა მაქვს ავტორებთან, სიტყვათა წყობას ხომ თავისი აზრი აქვს, გვერდის ავლით რას ჰქვია? მე ვხვდები ავტორებს, მე შევხვდები გამომცემლებს იმისათვის, რომ ჩვენ გვაქვს მომავალში ძალიან ბევრი საკითხი გასაკეთებელი. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ სახელმძღვანელოების ხარისხი, შესაბამისად, ამ ხარისხის გამოსწორებაზე უნდა იმუშაოს მომავალში გამომცემელმაც, ავტორმაც, მაგრამ ის, რომ ეს განხორციელდეს და ქსეროქსებით ასწავლიდნენ ბავშვებს, ეს არ მოხდება", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, წიგნები სკოლებს გადაეცემათ. მოსწავლე ისარგებლებს სახელმძღვანელოთი და ისევ სკოლას დაუბრუნებს მას, ხოლო თუ მოსწავლე სახელმძღვანელოს დააზიანებს, ზარალის ანაზღაურება მის მშობელს დაეკისრება.

''დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუკი წიგნი დაიხევა, მშობელმა უნდა აანაზღაუროს და ბუნებრივია, მშობელი ამ წიგნს იყიდის მაღაზიებიდან. ჩემთვის პრიორიტეტია, რომ ბავშვს მივცე ახალი სახელმძღვანელო", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, 2013-14 სასწავლო წელს საქართველოს ყველა სკოლის ყველა მოსწავლე სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით, წიგნები უფასოდ 2084 საჯარო სკოლის 650 ათასი მოსწავლეს დაურიგდება. 

კომენტარები