იუსტიციის მინისტრი

წულუკიანი: წინა ხელისუფლება ID ბარათების ჩიპზე დამატებითი ინფორმაციის შენახვას გეგმავდა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, გორში ჟურნალისტებს ხვდება. მიმდინარე შეხვედრაზე წულუკიანმა  ID ბარათების შესახებ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლება ID ბარათების ჩიპზე დამატებითი ინფორმაციის შენახვას გეგმავდა, რის დამადასტურებელ ვიდეომასალასაც ის უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

''ახალი პირადობის მოწმობებიის საკითხზე მე პირადად ჩართული ვიყავი შიდა უწყებრივ კვლევაში და დავადგინე ყველა ის ინფორმაცია და ინფორმაციის ნაწილი, რომელიც არის დაცული ID ბარათის ჩიპზე, ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც ID ბარათზე წერია და პლუს მოქალაქის მისამართი, მეტი არაფერი ამ ჩიპზე შენახული არ არის. მე შესაბამის ვიდეორგოლს გამოვაქვეყნებ, ეს ალბათ ჟურნალისტებს განსაკუთრებით დაგაინტერესებთ, თუ რას გეგმავდა წინა ხელისუფლება, რომ მიება ID ბარათის ჩიპზე'', - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმართავს წმინდა სინოდს იმის დასდგენად, თუ რამდენად შეესაბამება რელიგიურ დოგმებს ინფორმაცია, რაც ამჟამად ჩიპზე ინახება. წულუკიანი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციიის დაფიქსირება რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებსაც შეეძლებათ და საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის იქნება მიღებული.

 "მომავალ დღეებში მივმართავ წმინდა სინოდს და მისგან მოვითხოვ რელიგიურ შეფასებას ამ მონაცემების შესახებ. მინდა მათგან მოვისმინო კვალიფიციური აზრი, რამდენად შეიძლება მონაცემთა ეს ნუსხა ეწინააღმდეგებოდეს რელიგიურ დოგმებს და მართლმადიდებლურ რწმენას. ასევე, იგივე შეკითხვით მინდა მივმართო რელიგიურ უმცირესობებს. მას შემდეგ, რაც იქნება მიღებული პასუხი, შეგვეძლება ზაფხულისთვის ამ ბარათებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება", - აღნიშნა წულუკიანმა.

 

კომენტარები