მაიამი მასტერსი

მარეი ნახევარფინალშია, შარაპოვა კი ფინალში უილიამსს შეხვდება

შესანიშნავ ფორმაშია ბრიტანელი ენდი მარეი, ვინც სონის ღია პირველობაზე მარინ ჩილიჩი დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

დასაწყისში მარეიმ თავის მოწოდება დათმო, თუმცა ამის მერე კონცენტრირება მოახერხა და საბოლოოდ 6-4, 6-3 გაიმარჯვა.

მას შემდეგ, რაც სონის ღია პირველობას ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეთიშა, მარეი შემორჩენილ ჩოგბურთელებს შორის ყველაზე მაღალ ადგილასაა განთესილი.

მარია შარაპოვა და სერენა უილიამსი ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. უილიამსს მხოლოდ 65 წუთი დაჭირდა იმისათვის, რომ აგნიეშკა რადვანსკა 6-0, 6-3 დაემარცხებინა.

შარაპოვამ, რომელმაც ამ თვეში უკვე მოახერხა ინდიან უელსის ტურნირის მოგება, გაანადგურა ელენა იანკოვიჩი ანგარიშით 6-2, 6-1.

მიუხედავად იმისა, რომ შარაპოვა შესანიშნავ ფორმაშია, საფინალო შეხვედრას ფავორიტის რანგში უილიამსი შეხვდება.

ამერიკელმა რუსთან უკანასკნელი ათი შეხვედრიდან ათივეს მოგება მოახერხა.

კომენტარები