შსს

შსს ბათუმის ინციდენტის ვიდეომასალას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 მარტს ბათუმში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც გრიბოედოვის ქუჩაზე ავერსის აფთიაქთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიდეოკონტროლის მიერ გადაღებული მასალა 28 მარტს, 10 საათსა და 40 წუთზე მომხდარ ფაქტს სრულად ასახავს. „ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ დაარღვია მერსედესი-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა, როინ ფარტენაძემ, საგზაო მოძრაობის წესები და ტოიოტა-ს მარკის ავტომანქანას, რომელსაც ვალერი თელია მართავდა, ავარიული სიტუაცია შეუქმნა. ვიდეოსათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყობა არ მიუყენებია“, - აღნიშნულია განცხადებ აში. შსს-ს ცნობით, ფაქტს შსს-ს გენერალური ინსპექცია იკვლევს.

თავის მხრივ, 28 მარტს საღამოს ბრიფინგზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელძღვანელმა კახა კოჟორიძემ შეშფოთება გამოთქვა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც  ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა განადგურდა. კოჟორიძემ განაცხადა, რომ ორგანიზაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და გამოძიების ობიექტურად წარმართვის მოთხოვნით ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს.

მისივე თქმით, ეს შემთხვევა არის ტესტი, რომელიც წარმოაჩენს თუ რა მიდგომა აქვს შსს-ს საკუთარი თანამშრომლების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებზე.

როგორც კოჟორიძემ განაცხადა, არათუ არ ხორციელდება სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, არამედ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის კვალი წაიშალოს.

28 მარტს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებსა და აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერიან თელიას შორის ინციდენტი მოხდა. საია-ს თანამშრომლების თქმით, თელიამ მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საია-ს მძღოლი როინ ფარტენაძე აცხადებს, რომ პოლიციის უფროსმა მისი მანქანაში ჩატენა სცადა, რა დროსაც შეხლა-შემოხლის შედეგად პულოვერი გაეხა. ვალერიან თელია ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსის, ვალერიან თელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

 

კომენტარები