შუალედური არჩევნები

მერაბიშვილმა ნაძალადევის მაჟორიტარ კანდიდატად პაპუნა დავითაია წარადგინა

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი პაპუნა დავითაია წარადგინა.

სააგენტო news.ge-ს ცნობით წარდგენისას მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ცნობა ნაციონალური მოძრაობის გარდაცვალების შესახებ გაზვიადებულია“.

"ჩვენ ვართ, ვცხოვრობთ, ვიბრძვით და ყველანი ერთად მივაღწევთ იმ მიზანს, რომელსაც ჩვენი მომავალი საქართველო ჰქვია. მართალია, არ გავიდა საკმარისი დრო იმისთვის, რათა ხალხი დარწმუნებულიყო, რომ ხელისუფლება არ ასრულებს დაპირებებს და დაკავებულია ტყუილებით, რაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება 19 აპრილს, როდესაც ყველანი ჩვენ შევიკრიბებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველ დღე ვიბრძოლებთ და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად" ,- აღნიშნა მერაბიშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციაში ყოფნასაც აქვს თავისი პლიუსები.

"დღეს ვერავინ ვეღარ დაგვაბრალებს რომ ჩვენი ერთიანობა ემყარება რამეს, ემყარება ადმინისტრაციულ რესურსს, ემყარება იმას, რომ თქვენ რაიმე პირადი მოტივით მოდიხართ ჩვენთან. ოპოზიციაში ყოფნა და ოპოზიციაში ჩვენი ერთად ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაერთიანებს იდეა, ხედვა, ის, თუ რა უნდა გავუკეთოთ ერთად ჩვენს ქვეყანას. ის, რომ ერთ კონკრეტულ არჩევნებში ჩვენმა ხალხმა გადაწყვიტა სხვა იდეისთვის დაეჭირა მხარი, არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი იდეა მნიშვნელოვანი აღარ არის." - ამბობს ბაქრაძე.

პაპუნა დავითაიას თქმით კი, ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შესთავაზონ კონკრეტული ნაბიჯები თუ როგორ დაძლევენ სიღარიბეს, როგორ შეიქმნება უფრო მეტი სამუშაო ადგილი.

"ბოლო თვეები ჩვენ ქვეყანაში ამ მხრივ იყო ძალიან წარუმატებელი, სამუშაო ადგილები შემცირდა, სოციალური გაჭირვება გაღრმავდა და მეტი პრობლემა აქვს ხალხს. მე ვფიქრობ რომ კინკლაობა პარლამენტში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს იმ საკითხებზე, რომლებიც ხალხს არ ადარდებს და რომელიც არანაირ შედეგს არ გამოიღებს. უნდა გადავიდეთ კონკრეტული საქმის კეთებაზე." - აცხადებს დავითაია.

 

კომენტარები