კანონი

პარლამენტმა დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადები გამიჯნა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 90 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიისგან ოფიციალურად გაიმიჯნა. საკანონმდებლო პაკეტი უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის მიერ იყო ინიცირებული. პარლამენტში საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ კანონი მხოლოდ დასუფთავების გადასახადის გამოანგარიშების წესს ადგენს, მაგრამ არ ეხება აღნიშნული გადასახადის ადმინისტრირებას.

ხიდაშელის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პროექტით, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონსა და „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა, რის თანახმადაც, ნარჩენების გადასახადის ოდენობა მოხმარებული ელექტოენერგიის მიხედვით აღარ განისაზღვრება.

დაგვა-დასუფთავების მომსახურებაზე ზღვრული მოსაკრებელი, ერთ სულ მოსახლეზე თვეში სამ ლარს, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. შემოდის სულადობრივი ზღვარიც, კანონის მიხედვით ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ოთხი სულით განისაზღვრება.

"ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით, სოციალურად დაუცველთა ფაქტორის გათვალისწინებაც ხდება. კანონში ჩაიწერა, რომ მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკურ პირებზე დიფერენცირებული უნდა იყოს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკის ზღვარის მაჩვენებლის შესაბამისად. კანონი მიმდინარე პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

 

კომენტარები