პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: იწყება აღორძინების პროცესი, დავიწყებთ სოფლით, ეს გადავა ქალაქებში და გაგრძელდება

საქართველოს პრემირმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის მოსახლებას შეხვდა. პრემიერი, სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძესთან ერთად, სასოფლო სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ადგილობრივმა მოსახლეობამ პრემიერს არსებული პრობლემები გააცნო. ივანიშვილთან ერთად სოფელში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც მცხოვრებლებს "ნორმალური სკოლის მშენებლობა" აღუთქვა.

"ჩვენ ვიწყებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ვაკეთებთ იმაზე მეტსაც. ვიწყებთ იმით, რომ უნდა აღორძინდეს სოფლის მეურნეობა და გლეხს საშუალება ჰქონდეს,  ღირსეულად იცხოვროს საკუთარ სოფელში. კარგად იცით,  რომ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. გარწმუნებთ, რაც უფრო დრო გავა, მით უფრო აღორძინდება საქართველო. საქართველოში იწყება ჭეშმარიტად აღორძინების პროცესი, დავიწყებთ სოფლით, ეს გადავა ქალაქებში და გაგრძელდება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემირმა განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე სარეიტინგო კენჭისყრა არასწორია.

"სარეიტინგო კენჭისყრა არასწორია. თუ უნდათ, ხმა მისცენ, თუ უნდათ, არ მისცენ. ისინი  თავის პარტიას და თავის სახეს აჩვენებენ  მხოლოდ. მათთვის არავის მოუთხოვნია ხმები, მოიქცნენ ისე, როგორც თვლიან საჭიროდ და არ სჭირდება ამას ზედმეტი დარეკლამება. მე ამისაც კი მერიდება,  რომ გამოვედი და სახნავებს ვუყურებ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სოფელ თამარისის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

კომენტარები