IRI

NATO-ში გაწევრიანებას სრულად მხარს გამოკითხულთა 63 % უჭერს, რუსეთთან დიალოგს - 82 %

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 63% პროცენტმა სრულად დაუჭირა მხარი. ნაწილობრივ NATO-ში გაწევრიანებას მხარს 19% უჭერს. ნაწილობრივ არ უჭერს 6% და კატეგორიულად არ უჭერს მხარს 5%. გამოკითხულთა 1-მა პროცენტმა კითხვას არ უპასუხა ან უპასუხა, რომ არ იცის. 2012 წლის ნოემბერში NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერი გამოკითხულთა 65% იყო. თუმცა ცვლილება ორ მაჩვენებელს შორის კვლევის ცდომილების ზღვარშია და შესაბამისად შეიძლება ჩაითვალოს, რომ NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა არ შემცირებულა. 2012 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 59% იყო. 

ამავე დროს, რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას სრულად მხარს გამოკითხულთა 82% უჭერს. 13% ნაწილობრივ უჭერს მხარს, 2% ნაწილობრივ არ უჭერს, 2% კატეგორიულად არ უჭერს მხარს, ხოლო გამოკითხულთა 1-მა პროცენტმა არ უპასუხა ან უპასუხა, რომ არ იცის.

2012 წლის ნოემბერში რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას მხარს გამოკითხულთა 83% უჭერდა. აქაც ცვლილება არ შეინიშნება. 2012 წლის მარტში ეს მაჩვენებლი 74% იყო.

IRI-მ გამოკითხვა 2013 წლის 18-27 თებერვალს ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18 წლის ზემოთ 1500 ქართველი რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილება 2.5%-ს არ აღემატება. გამოკითხვა IRI-ს დაკვეთით ჩატარდა და დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ.

 

კომენტარები