ვალერი ხაბურძანია

ვალერი ხაბურძანია მოქმედ ხელისუფლებასთან კონსულტაციებს არ გაივლის

უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია, თვითმმართველობის არჩევნების დროს აპირებს პოლიტიკურად გააქტიურებას. ამის შესახებ მან ტელეკომპანია მაესტროს ეთერში განაცხადა. ხაბურძანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის პრორუსული ძალის შექმნას აპირებს.

"ის, რომ მე ვაპირებ პრორუსულ მიმართულებას, ვექტორს ჩავუდგე სათავეში, მე თვითონ განვაცხადე. საქართველოში ბევრი პოლიტიკური ძალა კეკლუცობს და აცხადებს, რომ არის პროქართული, მაგრამ ჩვენთან დიფერენცირება მოხდა და არსებობს პროდასავლური, პროამერიკული, ნაციონალური ორიენტაციის ჯგუფები და პრორუსული. პრორუსული არ ნიშნავს, რომ რუსეთის ინტერესები უნდა გაატარო. პრორუსული ნიშნავს საქართველოს და რუსეთის თანმხვედრი ინტერესების გატარებას. დასავლურ და კარგ ღირებულებებზე უარს არავინ ამბობს. ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთთან მეტი მჭიდრო კავშირები უნდა იყოს, რეგიონალურ გაერთიანებებში მასთან ყოფნითაც კი".

ხაბურძანიას თქმით, არჩევნებამდე ის კონსულტაციებს გაივლის იმ პარტიებთან, რომლებიც პრორუსულად ითვლება. იგი ასეთად ჯერ კახა კუკავას განიხილავს. მისივე განცხდებით, ბურჯანაძე უარყოფს, რომ პრორუსულია, ამიტომ ჯერ მასთან კონსულტაციები არ დაიწყება.

უშიშროების ყოფილი მინისტრის თქმით, ის მოქედ ხელისუფლებასთან კონსულტაციებს არ გაივლის, რადგან მათ "აშკარად პროდასავლური კურსი" აქვთ.

ხაბურძანიამ რუსეთის პრეზიდენტთან და პოლიტიკურ ელიტასთან ახლო კავშირზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის პუტინთან სამკაციან ვახშამზეც ყოფილა. როგორც უშიშროების ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, მაშინ მან პუტინს აფეთქებული გაზსადენის დაჩქარებით შეკეთება სთხოვა. ხაბურძანიას თქმით, პუტინთან განსაკუთრებით დაახლოვდა მას შემდეგ რაც პანკისის ხეობაში ტერორისტები დაიჭირა. ყოფილი მინისტრის თქმით, მას მოსკოვში ენდობიან. 

"შემიძლია მათთან ბევრ თემაზე ვისაუბრო. მათ ჩემი სჯერათ. პანკისში იყო პირველი ათეული იმ ტერორისტების, რომელთაც რუსეთი ეძებდა. მხოლოდ პანკისში იყო ნომერი 3, ნომერი 4 და ნომერი 5 "ალ ქაიდასი". პანკისის ოპერაცია იყო პუტინის პირადი ინტერესი. ბერეზოვსკიმ შექმნა ფილმი, რომ მოსკოვის აფეთქებები მოწყობილი იყო პუტინის მიერ. სწორედ ეს ამფეთქებლები იყვნენ პანკისში, ჩვენ მოვახერხეთ მათი დაკავება და მოსკოვისთვის გადაცემა", -განაცხადა ხაბურძანიამ.

 

 

კომენტარები