იუსტიციის უმაღლესი საბჭო

თეა წულუკიანი: არ შეიძლება მხოლოდ მოსამართლეთა ელიტა იჯდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

იუსტიციის მინისტრმა, თეა  წულუკიანმა, ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ კომენტარი საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან  გააკეთა. მისი თქმით,  ვენეციის კომისიის რეკომენდაციების  გათვალისწინებით მხოლოდ „თითზე ჩამოსათვლელი 4-5 დაზუსტება“ შევა კანონპროექტში. წულუკიანის თქმით, ეს შესწორებები შეეხება სასამართლო უწყებებში ვიდეოგადაღების უფლებას და ამ კუთხით ვენეციის კომისიის მითითება იქნება გათვალისწინებული. თუმცა მანვე დასძინა, რომ „იუსტიციის სამინისტრო არამც და არამც არ დაუშვებს, რომ მედია სასამართლო დარბაზიდან გავიდეს“.

„სერიოზული შენიშვნებია სასამართლო პროცესზე მედიის მიერ განხორციელებულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით, ამ შენიშვნას მედიის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავთ, თუმცა, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტრო არ დაეთანხმება იმას და არც ვენეციის კომისია არ ითხოვს, რომ მედია გაძევებულ იქნას სასამართლოს დარბაზიდან“, - განაცხადა  იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანმა ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  წევრების შესახებ და აღნიშნა, რომ „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრები, რომლებიც კონფერენციის მიერ არიან არჩეული, დარჩნენ წევრებად მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადადგებიან შესაბამისი სასამართლოს და პალატების თავმჯდომარეობიდან. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოსამართლე წევრებს, რომლებიც ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ არიან არჩეული, ისინი უნდა გადადგნენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ, თავიდან იყარონ კენჭი მოსამართლეთა კონფერენციაზე“. წულუკიანის განცხადებით, „კომისია ეთანხმება იმასაც, რომ პრეზიდენტს აღარ ჰყავდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრი. დადებითად არის შეფასებული ისიც, რომ უმაღლესი საბჭოს წევრებს აღარ წარმოადგენდნენ დეპუტატები. რაც შეეხება დანარჩენ 8 წევრ მოსამართლეს, ამ შემთხვევაში ვენეციის კომისია ამბობს შემდეგს - ის ეთანხმება იმ პრობლემას, რაც არის წამოჭრილი თავმჯდომარე-მოსამართლეების ამ საბჭოში ყოფნის გამო, რადგან არ შეიძლება მხოლოდ მოსამართლეთა ე.წ. ელიტა იჯდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კომისია ამბობს, რომ მას ეს პრობლემა ესმის. გადაჭრის გზა არის ერთადერთი და ესაა საბჭოს ის მოსამართლე წევრები, რომლებიც დღევანდელ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არიან არჩეული მოსამართლეთა კონფერენციის მიერ და ასეთი, როგორც ვიცი, არის მხოლოდ ორი. თუ მათ სურთ, დარჩნენ თანამდებობაზე, უნდა გადადგნენ სასამართლოს თავმჯდომარეობიდან“.

წულუკიანის თქმით, მიღებული დასკვნა ადასტურებს, რომ ვენეციის კომისია იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სასამართლო რეფორმას მხარს უჭერს და „მწვანე შუქს უნთებს“.

თეა წულუკიანი ასევე გამოეხმარა პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების შესაძლებლობას  და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მხრიდან კანონპროექტზე ვეტოს გამოყენების შემთხვევაში, ეს ვეტო იქნება გადალახული. მიხეილ სააკაშვილმა,  2012 წლის 20 დეკემბრის გამოსვლისას განაცხადა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი იმ ფორმით დამტკიცდება, რა ფორმითაც ახლა არსებობს, ვეტოს გამოიყენებს“. თუმცა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის,  დავით დარჩიაშვილის დღევანდელი განცხადებით, „თუ ცვლილებები იქნება ვენეციის კომისიის დასკვნის ადეკვატური, მაშინ შესაძლოა, პრეზიდენტმა პოზიცია შეცვალოს“.

 

კომენტარები