მიხეილ სააკაშვილი

დავით დარჩიაშვილი: პრეზიდენტმა შესაძლოა არ გამოიყენოს ვეტოს უფლება

საქართველოს პრეზიდენტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონთან დაკავშირებით შესაძლოა ვეტოს უფლება არ გამოიყენოს. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით დარჩიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თუ კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ადეკვატური ცვლილებები განხორციელდება, მაშინ შესაძლოა, პრეზიდენტმა ვეტოს უფლების გამოყენებაზე 2012 წლის დეკემბერში დაფიქსირებული პოზიცია შეცვალოს: "როგორც მახსოვს, პრეზიდენტმა ვეტოს უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა მაშინ, როცა უმრავლესობას სურდა, სწრაფად, ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე გაეტანა ეს ცვლილებები. მერე ეს პროცესი შეჩერდა და ძალიან კარგია, რომ შეჩერდა. ჩვენ დაველოდეთ ვენეციის კომისიის დასკვნას. თუ ცვლილებები იქნება ვენეციის კომისიის დასკვნის ადეკვატური, მაშინ შესაძლოა, პრეზიდენტმა პოზიცია შეცვალოს", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონზე ვეტოს დადების თემაზე განცხადება 2012 წლის 20 დეკემბერს გააკეთა. მაშინ მან აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ყველა ატრიბუტს ართმევდნენ: "ახლა არის საერთო სასამართლოების შესახებ კანონი შეტანილი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის საბჭო და სასამართლო ხელისუფლება მთლიანად მოექცევა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, უკვე ფორმალურადაც. საუბარია იმაზე, რომ რომც მოინდომონ მოსამართლეებმა წინააღმდეგობის გაწევა პროკურატურისადმი, პრემიერმინისტრისადმი, იუსტიციის სამინისტროსადმი, ამის ფორმალური საშუალებაც აღარ ექნებათ. მე მინდა ვუთხრა პარლამენტის წევრებს, მათ იციან, რომ ვენეციის კომისიამ მოითხოვა ამ კანონპროექტის განხილვის გადადება, მაგრამ თუ კანონპროექტი დარჩება დღევანდელი სახით, მე გამოვიყენებ პრეზიდენტის უფლებას და ამ კანონპროექტს დავადებ ვეტოს. ეს იქნება დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტის დასამარება ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში და ამ შემთხვევაში მოქალაქეებს აღარაფრის იმედი აღარ ექნებათ".

კომენტარები